ფაილები | მიტროპოლიტმა თერჯოლის მერიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად 10 000 ლარი სთხოვა

პუბლიკა

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით, 2020 წლის 25 თებერვალს თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი, გიორგი (გური შალამბერიძე), თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გეგმავდა 80 წლის იუბილის აღნიშვნას, რის გამოც 21 თებერვალს წერილობით მიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას და საიუბილეო ვახშმის დასაფინანსებლად 10 000 ლარის გამოყოფა მოითხოვა.‬

როგორც მასალებიდან ირკვევა, მერიამ მიტროპოლიტ გიორგის 24 თებერვალს წერილობით უპასუხა და უთხრა, რომ მოთხოვნილ თანხას ვერ ჩაურიცხავს, რადგან ასეთი ხარჯი ეპარქიის ბიუჯეტით დაფინანსების ნაწილში გათვალისწინებული არ არის.

სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი მასალებიდანვე ირკვევა, რომ თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად 5 000 ლარი გადაურიცხა თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ. როგორც გაჟონილ დოკუმენტებში ვკითხულობთ, ამავდროულად გოცირიძე დაუკავშირდა მისი გავლენის ქვეშ მყოფ თერჯოლის საკრებულოს წევრებს და დაავალა, რომ წასულიყვნენ მეუფის იუბილეზე, რადგან სუფრის თანხა მან გადაიხადა.‬

„პუბლიკა“ დაუკავშირდა დეპუტატ ელგუჯა გოცირიძეს. შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის ამ ინფორმაციას, დეპუტატი გვპასუხობს:

„არა, ჩემო კარგო. არ მგონია. არ მახს… ტყუილი მგონია. ტყუილი ინფორმაციაა. სად გადავურიცხე? შეიძლება, ადრე იყო. ერთი 5-6 წლის წინ ან უფრო ადრე. (გიორგის) ერთი-ორჯერ ვარ შეხვედრილი. კარგი კაცია, სხვათა შორის, რაც მე შთაბეჭდილება დამრჩა. ჯერ რა გასაჟონი ინფორმაციაა. დავუშვათ, თუ ვიღაცას რაღაცა შევწირე, რა პრობლემა უნდა იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია სწორი იყოს. არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში. არა, არ მგონია. 5-6 წის წინ კი მახსოვს, რომ მას, თუ რომელიღაც მეუფეს კი, რაღაცა დავეხმარე. შევწირე მეუფეს, ეკლესიას, უფრო ზუსტად. ასე ვშვები ხოლმე, ეკლესიას ვწირავ ხოლმე“, ამბობს გოცირიძე ჩვენთან საუბრისას.

მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ დაუკავშირდა თერჯოლის საკრებულოს წევრებს და დაავალა, წასულიყვნენ მეუფის იუბილეზე:

„მტკნარი სიცრუეა ვის უნდა ვუკარნახო მე, სად უნდა წავიდეს და სად არა. მე როგორ შემიძლია, საკრებულოს წევრებს ვუთხრა, რომ წადით დაბადების დღეზე?“, გვიპასუხა მან.

მიტროპოლიტთან, თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიასა და საპატრიარქოსთან დაკავშირებას „პუბლიკა“ ამ დრომდეც ცდილობს.


განახლება:  რას ამბობენ თერჯოლის ეპარქიაში მიტროპოლიტის იუბილეს აღნიშვნაზე


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.