ფაილები | რას ამბობს კეკელია ბასილაშვილის ძმასთან საუბრის შესახებ

პუბლიკა

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში მოხვდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას საუბარი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმასთან. ფაილებში არსებული ინფორმაციის მიხედვით,  სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ჩოგბურთელის ძმა დეკანოზს სთხოვს შუამდგომლობას საპატრიარქოს სახელით. დეკანოზი შალვა კეკელია „პუბლიკასთან“ ამ საუბარის შინაარსს ადასტურებს, თუმცა  აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა სატელეფონო საუბარი და ისინი ტაძრის ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს და იქ ისაუბრეს.

სავარაუდოდ, სუსის ფაილებში ვკითხულობთ, რომ დეკანოზ შალვა კეკელიას ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ თენგო ბასილაშვილმა უთხრა, რომ მისი ძმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს ყოფილი მეუღლის განცხადების საფუძველზე, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით.

„ბასილაშვილის თქმით, მისი ძმა უდანაშაულოა, რადგან ოჯახს აქვს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ დაზარალებულად მიჩნეული ქალბატონი ბასილაშვილს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ.ბასილაშვილმა შ.კეკელიას სთხოვა, საპატრიარქოს სახელით დაიწეროს ბასილაშვილისთვის საგამოძიებო ორგანოებში წარსადგენი შუამდგომლობა. კეკელიამ თანხმობა განუცხადა შუამდგომლობაზე და აღნიშნა, რომ დაუკავშირდებოდა პატრიარქის თანაშემწე დავით ჭინჭარაულსაც, რომელიც მეგობრობს ბასილაშვილთან“, – წერია, სავარუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფარული ჩანაწერების ფაილში.

ჩანაწერების მიხედვით საუბარი შედგა 2020 წლის 23 მაისს.  24 მაისს კი დეკანოზმა შალვა კეკელიამ მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა ჩოგბურთელის შესახებ.

შალვა კეკელია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ოჯახის დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელია. ჩოგბურთელის ძმას შვილი მოუნათლა, რის შემდეგაც ტაძრის ეზოში შედგა საუბარი მასსა და ჩოგბურთელის ძმას შორის. დეკანოზი თავადაც გაოცებულია, როგორ მოხვდა ეს საუბარი ჩანაწერებში, რადგან არ ყოფილა სატელეფონო საუბარი და ამბობს, რომ ვერ იხსენებს, ამ საკითხზე ოდესმე ტელეფონით ესაუბრა ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმასთან.

რაც შეეხება საპატრიარქოსთან შუამდგომლობის საკითხს, ის ამბობს, რომ მან მხოლოდ თავისი რეკომენდაცია გაავრცელა ბასილაშვილზე, რადგან ახლობელია. საპატრიარქოსგან რამე სხვა მხარდამჭერი წერილი იყო თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

ჩოგბურთელი ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.