ფაილები: კობახიძეს წერილში „სათანადო დახმარებას" გარყვნილ ქმედებაში მსჯავრდებულზეც სთხოვდნენ

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის securgd@gmail.com, 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა.

ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ ორაგნიზაციებისთვის გადაცემული ინფორმაცია.

როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, კორესპონდენციისა და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, რომ პრობაციონერები ან/და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ხოლო პარტია მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იმ მიზნით უგზავნიდა, რომ მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ.

გავრცელებულ ფაილებში ასევე იძებნება პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის და რეგიონული მდივნის დიმიტრი სამხარაძის სახელზე, რომლითაც კაპანაძემ 9 პრობაციონერისგან შემდგარი სია გააგზავნა და მათთვის „სათანადო დახმარების“ გაწევა მოითხოვა.

ჩამოთვლილ პრობაციონერთა შორის ერთ-ერთს სასჯელი 141-ე მუხლით აქვს მისჯილი, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

ან

იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ.

ერთ მათგანს სასჯელი 173-ე მუხლით აქვს სასჯელი მისჯილი, რაც შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევას გულისხმობს.

ერთ პირს კი 273-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას გულისხმობს.

5 პირი კი 177-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილით არის მსჯავრდადებული – რაც ქურდობას ითვალისწინებს.

უცნობია, შესრულდა თუ არა წერილში აღნიშნულ პირებაზე თხოვნა, თუმცა პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მუდმივმოქმედმა კომისიამ წინა თვეებთან შედარებით მრავალჯერ მეტი ოდენობის პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება:

„არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობის სანაცვლოდ პირისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების შეპირება ან/და ამგვარი მოქმედების განხორციელება წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ცალკეული თანამდებობის პირების სამოხელეო დანაშაულს“, – აცხადებენ ანგარიშის თანაავტორები.