„ფაიზერის“ ორივე დოზით უკვე აცრილია 2 887 ადამიანი – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, 26 აპრილის მონაცემებით, აცრილია 38 553 ადამიანი. აქედან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით – 21 910 ადამიანი, „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზით კი – 13 756 ადამიანი. ორივე დოზით უკვე აცრილია 2 887 ადამიანი.

ბოლო 24 საათში 963 ადამიანი აიცრა.

„მე ხშირად ვამბობ, ყოველდღიურად ეს 1000-1200 აცრილი ძალიან ცოტაა. სულ მცირე, უნდა გავასამმაგოთ, მაისის დასაწყისიდან, აღდგომის დღესასწაულის ჩავლის შემდგომ ეს აქტივობაც მეტი იქნება და ამაში ეს კვირეულიც თავის როლს ითამაშებს.

აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს მოსახლეობას – მადლობა ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეები იჩენენ კოვიდპანდემიის პირობებში, იმ სოლიდარობისთვის, რასაც ისინი იჩენენ, მაგრამ დღეს ნომერ პირველი ამოცანა ქვეყნისა და მათლიანად საზოგადოების არის მასობრივი ვაქცინაცია. ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მასობრივ ვაცქინაციაზე გადის ამ პანდემიის დასრულება“, – განაცხადა გამყრელიძემ.