„ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" | პრემიერი ვაქცინებზე

პუბლიკა

„ვაქცინების თაობაზე საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთია კოვაქსის პლატფორმა, საიდან უკვე დავიწყეთ ვაქცინების მიღება, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.

„უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებით შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისში. დაახლოებით, მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული. „ფაიზერის” პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ქარხნებთან უშუალოდ, დამატებითი დოზების მოწოდებაზე, „მოდერნასთან“, ასევე „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანაზე.

ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ. ასე რომ, არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში”, – აღნიშნა პრემიერმა.