დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეყოვნების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს Covax-პლატფორმისა და ჯანმოსგან დასტური ჰქონდა, რომ ქვეყანაში ვაქცინას თებერვლის ბოლოდან შემოიტანდნენ. თუმცა ევროკავშირის დაკვეთების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო, საქართველოში „ფაიზერის“ დოზების შემოტანა გადაიდო.
„ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და უნდა, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომაც იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც Covax პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. გადაიწია მარტის ბოლოსკენ. ჯერ არ ვიცით ზუსტი რიცხვები „ფაიზერთან“ მიმართებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ აცრების მისაღებადაც. გამყრელიძე აცხადებს, რომ „რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია… მარტში“.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია.
„ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე 200 ათასი ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ, უკვე ივნისიდან დავიწყოთ ე.წ. გაფართოებული აცრის კამპანია“, – განაცხადა გამყრელიძემ.