„ფანდრაიზინგის შედეგია" — კობახიძე „ოცნებისთვის" ერთ დღეში 553 ათასი ლარის შემოწირულობაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფანდრაიზინგის შედეგია, რომ პარტიას 1 დღეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 8 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ 553 ათასი ლარი შესწირეს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ” მოიკვლია და გაავრცელა.

„მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ე.წ. ფანდრაიზინგი ანუ რესურსების მოზიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ შორის, ის რომ კონკრეტული რეგიონიდან ხდება კონკრეტული დროის მონაკვეთში თანხების მოზიდვა, ესეც არის ფანდრაიზინგის შედეგი, ანუ ხდება მიზანმიმართულად თანხების მოზიდვა იმისთვის, რომ შტაბმა იფუნქციონიროს“.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.