ფაქტების გადამმოწმებლები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით YouTube-ს მიმართავენ

პუბლიკა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები დეზინფორმაციასთან ბრძოლის გაძლიერების საჭიროებაზე YouTube-ს მიმართავენ. განცხადებაზე ხელმომწერთა შორის საქართველოში არსებული ორგანიზაციებიც არიან.

როგორც წერილშია ნათქვამი, ორგანიზაციებს აქვთ რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს YouTube-ზე დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შემცირებაში.

„COVID-19 პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა. მსოფლიო არაერთხელ დარწმუნდა, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია საზოგადოების ჰარმონიისთვის, დემოკრატიისა და საზოგადოების ჯანდაცვისთვის; უამრავი სიცოცხლე და საარსებო წყარო მოისპო, ასევე, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი დეზინფორმაციის გამო. როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი, ჩვენ თვალს ვადევნებთ სიცრუის ყოველდღიურ გავრცელებას ინტერნეტით, და ვხედავთ, რომ YouTube მსოფლიოში ონლაინ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია. ეს ფაქტების გადამმოწმებელთა მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ჩვენ ვერ ვხედავთ YouTube-ის ძალისხმევას, გაატაროს პრობლემის მოსაგვარებელი პოლიტიკა. პირიქით, YouTube საშუალებას აძლევს სხვადასხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, გამოიყენოს პლატფორმა მანიპულირებისა და შეცდენის, საკუთარი ზრახვების ორგანიზებისა და თანხების მოზიდვის იარაღად. ამჟამინდელი ზომები უდავოდ არასაკმარისია. ამიტომ, დაჟინებით მოგიწოდებთ, იმოქმედოთ ეფექტიანად დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, დასახოთ პოლიტიკის შემუშავებისა და პროდუქტში ჩარევის სამოქმედო გეგმა, რათა გააუმჯობესოთ ინფორმაციული ეკოსისტემა და ამის მისაღწევად ითანამშრომლოთ მსოფლიოს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან.

გასულ წელს ჩვენ ვნახეთ კონსპირაციული ჯგუფები, რომლებიც წარმატებით მრავლდებოდნენ და თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც დაიწყო გერმანიაში, გადავიდა ესპანეთში და გავრცელდა ლათინურ ამერიკაში – ეს ყველაფერი YouTube-ზე მოხდა. ამავე დროს, მილიონობით სხვა მომხმარებელი საბერძნეთსა და არაბულ ქვეყნებში უყურებდა ვიდეოებს, რომლებიც აქეზებდა მათ, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ვაქცინაციისთვის ან ემკურნალათ COVID-19-სთვის ფალსიფიცირებულიმედიკამენტებით. გარდა COVID-19-ისა, YouTube ვიდეოები წლების განმავლობაში ავრცელებდა კიბოს მკურნალობის ყალბ მეთოდებს.

ბრაზილიაში პლატფორმა გამოყენებული იყო მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის ენის პროპაგანდისთვის, რასაც ათობით ათასი მომხმარებელი ჰყავდა. აღარც არჩევნებია უსაფრთხო. ფილიპინებში ყალბი შინაარსი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, უარყოფს რა ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციას სამხედრო მდგომარეობის წლებში, გამოიყენება გარდაცვლილი დიქტატორის ვაჟის რეპუტაციის გასაუმჯობესებლად, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია 2022 წლის არჩევნებში.  ტაივანში ბოლო არჩევნები შეიბღალა თაღლითობის უსაფუძვლო ბრალდებებით. მთელი მსოფლიო გახდა დეზინფორმაციის შედეგების მოწმე, როდესაც გამძვინვარებული ბრბო თავს დაესხა შეერთებული შტატების კაპიტოლიუმს რამდენიმე თვის წინ. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინა საღამოდან შემდეგ დღემდე,“„თაღლითური“ მოსაზრების მხარდამჭერმა YouTube ვიდეოებმა ნანახია 33 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვეს.

ასეთი მაგალითები შორს წაგვიყვანს. ამ ვიდეოებისა და არხების დიდი ნაწილი დღესაც არის ინტერნეტში და ყველა მათგანი YouTube-ის პოლიტიკის რადარის მიღმა აღმოჩნდა, განსაკუთრებით, არაინგლისურენოვან ქვეყნებში და გლობალურ სამხრეთში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბოლო ხანებში კომპანია დგამს ნაბიჯებს ამ პრობლემის მოგვარების მცდელობისაკენ, თუმცა იმის გათვალისწინებთ, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ პლატფორმაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის – და არც YouTube-ს წარმოუდგენია ხარისხიანი მონაცემები მისი ნაბიჯების ეფექტიანობის დასადასტურებლად.

თქვენი კომპანიის პლატფორმა აქამდე დეზინფორმაციის შესახებ დისკუსიებს შინაარსის წაშლის ან არ წაშლის მცდარი დიქოტომიის ქვეშ განიხილავდა. ამით YouTube ირიდებს შესაძლებლობას, გააკეთოს ის, რაც დანამდვილებით მუშაობს: ჩვენი, როგორც ფაქტების გადამმოწმებლების გამოცდილება, აკადემიურ მტკიცებულებასთან ერთად გვეუბნება, რომ გადამოწმებული ინფორმაციის გამოაშკარავება უფრო ეფექტურია, ვიდრე შინაარსის მთლიანად წაშლა. ამით დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ხაზგასმულია დამატებითი ინფორმაციის საჭიროება, რათა შემცირდეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის საშიში რისკები. რამდენადაც YouTube ნახვების დიდი ნაწილი თავისივე რეკომენდაციის ალგორითმიდან მოდის, YouTube ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ აქტიურად არ არეკლამებს დეზინფორმაციას თავის მომხმარებლებთან და არ სთავაზობს მათ შინაარსს არასანდო არხებიდან.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს YouTube-ზე დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შემცირებაში.

  1. დეზინფორმაციის შესახებ პლატფორმაზე გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება: YouTube მხარს უნდა უჭერდეს დამოუკიდებელ კვლევებს დეზინფორმაციული კამპანიების წარმოშობის, მათი წვდომისა და გავლენის შესახებ, ასევე, ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავების ყველაზე ეფექტურ გზებს. ის ასევე უნდა აქვეყნებდეს მისი მოდერაციის მთლიან პოლიტიკას დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის თაობაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მის მამოძრავებელ მონაცემებზე.
  2. გარდა სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად შინაარსის წაშლისა, YouTube-ის ყურადღება უნდა გამახვილდეს კონტექსტით უზრუნველყოფასა და გამოაშკარავების შეთავაზებაზე, რაც მკაფიოდ იქნება დადებული ვიდეოზე ან მიწოდებული დამატებითი ვიდეო შინაარსის სახით. ეს შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ კონსტრუქციული და სტრუქტურირებული თანამშრომლობის წამოწყებით, პასუხისმგებლობის აღებითა და  ფაქტების დამუკიდებელ გადამოწმებაში სისტემატიური ინვესტიციით.      
  3. იმოქმედოს გამეორებით დამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ქმნიან შინაარსს, რომელიც მუდმივად არის მონიშნული, როგორც დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კონკრეტულად მათ წინააღმდეგ, ვინც შინაარსის მონეტიზაციას აკეთებს პლატფორმაზე ან მის გარეთ. კერძოდ, აუკრძალოს თავის რეკომენდაციის ალგორითმს ასეთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წყაროების შინაარსის რეკლამირება.
  4. გააფართოვოს მიმდინარე და მომავალი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ ინგლისურისგან განსხვავებულ ენებში და მიაწოდოს მონაცემები კონკრეტული ქვეყნისთვის და ენისთვის, ასევე ტრანსკრიპციის სერვისები, რომლებიც ყველა ენაზე იმუშავებს.

იმედი გვაქვს, ამ იდეების განხორციელებას გადაწყვეტთ საზოგადოების საკეთილდღეოდ და YouTube-ის ისეთ პლატფორმად გარდაქმნით,  რომელიც ყვლაფერს გააკეთებს, არ დაუშვას დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, მისი მომხმარებლებისა და მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ იარაღად იქნას გარდაქმნილი. ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია, დავეხმაროთ YouTube-ს. სურვილი გვაქვს, შეგხვდეთ და თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, რათა ვიპოვოთ თანამშრომლობის გზები. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს ამ შემოთავაზებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები იხილეთ ბმულზე;