აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებამდე საბა სხვიტარიძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც საქმის გარემოებებსა და მასზე ძალადობის ეპიზოდზე ისაუბრა:
„პირველ რიგში, მინდა, მოვიკითხო სინდისის პატიმრები და რეჟიმის ტყვე პოლიტიკური ლიდერები. გამძლეობასა და მხნეობას ვუსურვებ მათ. დღეს ასევე სინდისის 11 პატიმრისა და ნიკა კაციას დასკვნითი პროცესებია. ვიმედოვნებ, მე თუ არა, ისინი მაინც გავლენ თავისუფლებაზე. წარმატებას ვუსურვებ მათ.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას – ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემი პარტიის წევრებს, მედიებს, ხალხს და ჩემს ადვოკატებს – ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის.
ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემი ოჯახი მიმაგრებს ზურგს; ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ამდენი მეგობარი და გულშემატკივარი მყავს გვერდით; ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემ უკან ჩემი ხალხი დგას: თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, თქვენ მაძლევთ ძალას, ვიყო შეუპოვარი ამ ბრძოლაში, თუნდაც ბრძოლა მიწევდეს გისოსებიდან.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გადაწყვეტილებები აქ, ამ შენობაში არ მიიღება, ამიტომ მინდა, გთხოვოთ, დღეს გამოცხადებულ განაჩენს შეხვდეთ ღირსეულად, რადგან მე ღირსეულად მივიღებ იმ განაჩენს, რასაც რეჟიმი გამომიტანს. არ ვაპირებ, დავუჩოქო რეჟიმს. გთხოვთ, იყავით ძლიერები, როგორც არასდროს და არ მინდა თქვენს თვალებზე ცრემლი დავინახო!
რაც შეეხება ჩემს ბრალს: დავიწყოთ იქიდან, რომ ოქმი, რომლითაც პროკურატურა ხელმძღვანელობს, არის ყალბი და იქ მითითებული გარემოებები არ ასახავს სიმართლეს. მე არც გამოკითხვაზე მივსულვარ ჩემი ნებით და არც ჩემი გამოცხადების დრო არ არის სწორად მითითებული. მოგეხსენებათ, მე უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება ზესტაფონში ისე, რომ არავის განუმარტავს, რატომ მაკავებდნენ. ამას ადასტურებენ თავად ის პოლიციელი, რომელიც ბრალდებამ წარადგინა და ამას ადასტურებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვა, სადაც დაზარალებულად ვარ ცნობილი.
ბრალდება ხელმძღვანელობს 30-წამიანი ვიდეოს საფუძველზე, რომლის წარმომავლობა უცნობია. არ ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ვიდეოზე არსებული პიროვნება მე ვარ. არ ვიცი, მონტაჟია, თუ არა – წარდგენილ ვიდეოში არ ჩანს იქ მიმდინარე მოვლენების კონტექსტი. დაცვის მხარემ წარადგინა არაერთი ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ იქ მყოფი ხალხი არის „ტიტუშკების” თავდასხმის მსხვერპლი; ნათლად ჩანს და თავად დაზარალებულიც ადასტურებს მირიან ქავთარაძის მხრიდან ძალადობას თეონა ჭალიძეზე და ისმის მირიან ქავთარაძის გინება ხალხის მიმართულებით. „ქორთიარდ მერიოტის“ ვიდეოში კი ჩანს, როგორ იტაცებენ ხალხს შავ სამოსში ჩაცმული „ტიტუშკები”.
აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მერიოტთან“ – ეს იყო ჯგუფური თავდასხმა „ტიტუშკების” მხრიდან ჩვენ წინააღმდეგ. ხოლო ბრალდების წარმოდგენილ ვიდეოში მთლიანად ამოგლეჯილია კონტექსტი და მაბრალებს, რომ მე ხელჯოხით გადავაადგილდებოდი, რომელიც ნივთმტკიცებადაც არ აქვს ამოღებული გამოძიებას და საერთოდ მისი არსებობის შესახებაც არაფერი ვიცით.
შეგახსენებთ, რომ მე ვიყავი შეხვედრაზე „ქორთიარდ მერიოტში“ და როგორ ფიქრობთ, ჯოხით დავდიოდი შენობაში?! ეს ხომ აბსურდია? ჩვენ მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ვიდეოებში არსად არ ჩანს, რომ მე რაიმე ჯოხისმაგვარი ნივთი მიჭირავს. მეტიც, ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგაც, რაც „ქორთიარდ მერიოტის“ ვიდეოში ჩანს, ვარ მშვიდად და ასევე მშვიდად ვტოვებ ტერიტორიას.
ბრალდებას არ ჰყავს არცერთი ნეიტრალური მოწმე წარმოდგენილი. წარმოდგენილი მოწმეები არიან პოლიციელები, მეტიც, წარმოდგენილი მოქმეები არიან დაზარალებული მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც ერთ განყოფილებაში მუშაობენ. აქედან გამომდინარე, მათი ჩვენებები ვერ მიიჩნევა ობიექტურად. ბრალდების წარმოდგენილი მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ასევე, ყველა მოწმის ჩვენება სასამართლოზე წინააღმდეგობაში მოდის გამოძიებისთვის მიცემულ თავიანთსავე ჩვენებებთან.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთი და იგივე შეცდომა აქვს დაშვებული ყველა მოწმეს. მაგალითად: ჩვენებებში „ქორთიარდ მერიოტის“ ნაცვლად მითითებულია „თბილისი მერიოტი“, რაზეც გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა თქვა, მექანიკური შეცდომა არისო. ვთქვათ, მართლაც ასეა. გამოდის, ყველა მოწმემ ერთი და იგივე შეცდომა დაუშვა. გარდა ამისა, მექანიკურ შეცდომად შეიძლება სახელი შეგეშალოს, მაგრამ პარლამენტი შენობაც, მისამართიც, რუსთაველის გამიზირი და თავისუფლების მოედანიც მექანიკურად შეეშალა ოთხივე მოწმეს?! ასევე, მოწმეებს ჩვენებაში დეტალურად ვყავარ აღწერილი. არ გამორჩენიათ ჩემი კეხიანი ცხვირი, მაგრამ სასამართლოზე, სადაც წინ ვეჯექი, ვერცერთმა მოწმემ ვერ შეძლო ჩემი დახასიათება.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები დაწერილია სხვის მიერ და არა მათი კარნახით. თვითონ დაზარალებული მირიან ქავთარაძე ამბობს, რომ მე არ დავუნახივარ. ერთ-ერთი მოწმე, თუ არ ვცდები, მიხეილ წიკლაური ამბობს, რომ მირიან ქავთარაძეს პირისპირ ვედექი და ისე ჩავარტყი ჯოხი. სხვა მოწმეების თქმით, ხალხში ვიდექი და ისე ჩავარტყი ჯოხი პოლიციელს. გარდა იმის, რომ ურთიერთგამომრიცხავია ეს ჩვენები, ჩნდება კითხვა, თუ დაინახეს, რომ მე პოლიციელზე ვიძალადე, რატომ არ მოხდა ჩემი დაკავება ადგილზე?!
„ქორთიარდ მერიოტის“ კამერებში ნათლად ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგაც იქ ვდგავარ მშვიდად და როცა ხალხი მიდის, მეც ამის შემდეგ ვტოვებ ტერიტორიას. გარდა ამისა, თავად პროკურატურამ თქვა, რომ მე პოლიციელზე ძალადობა არ მიფიქსირდება. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ მოწმეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ მე პოლიციელზე ვიძალადე. ბრალდების მხარის მოწმეები ამბობენ, რომ ქორთიარდ მერიოტთან აქცია მიმდინარეობდა და ამბობენ, რომ ბანერებით და საყვირებით მიხვდნენ, რომ აქცია იყო. წარმოდგენილ ვიდეოებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არავის არ უჭირავს ბანერი და საყვირი. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ბრალდების წარდგენილი მოწმეები ტყუიან სასამართლოს წინაშე. ასევე, ტყუიან, როცა ამბობენ, რომ ისინი ოპერატიულ დავალებაზე იმყოფებოდნენ „ქორთიარდ მერიოტთან“ პირბადეებით და შავი სამოსით. ისინი იყვნენ პროვოკაციის მოსაწყობად და იქ მყოფებს თავს ესხმოდნენ, რაც არაერთ ვიდეოში ნათლად ჩანს.
მოგეხსენებათ, მე გატაცებისა და წამების მსხვერპლი ვარ, რაშიც დაზარალებულად ვარ ცნობილი, თუმცა არცერთი მოძალადე არაა დასჯილა დღემდე.
ბენზინგასამართ სადგურთან დაგვხვდნენ: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და გადამსვეს მათ მანქანაში. ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა. მემუქრებოდნენ გაუპატიურებით. როცა თბილისში ჩამოვედით და განყოფილებაში შემიყვანეს, ამიყვანეს მეხუთე სართულზე, შემიყვანეს ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში და მიხეილ სუჯაშვილმა, ვანო გავაშელიშვილმა, ლევან კუნდუხაშვილმა და თორნიკე ჯაფარიძემ მომთხოვეს, მეღიარებინა პოლიციელზე ძალადობა, თუ არ ვაღიარებდი, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით, როდესაც მოვითხოვე ადვოკატი, ირონიულად გაეცინათ. მიხეილ სუჯაშვილმა, ვანო გავაშელიშვილმა, ლევან კუნდუხაშვილმა და თორნიკე ჯაფარიძემ დაუძახეს სპეცეკიპირებაში ჩაცმულ ოთხ ნიღბიანს – უთხრეს, მიხედეთო, თვითონ გავიდნენ და კარი გარედან ჩაკეტეს, რა დროსაც დაიწყო ჩემი ცემა. მირტყამდნენ თავში და გვერდებში იქამდე, სანამ არ გავითიშე და ძირს არ დავეცი. ამის შემდეგაც აგრძელებდნენ ჩემს ცემას – ბათინკებიან ფეხებს მირტყამდნენ გვერდებში და ხელებში. გარკვეული დროის შემდეგ იღება კარი და ისევ შემოდიან მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი და თორნიკე ჯაფარიძე. ნიღბიანებს ეუბნებიან, რომ გავიდნენ და მსვამენ დივანზე, მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ, ისევ დაუძახებენ მათ [ნიღბიანებს]. ამ დროს გული მერევა და მაწვდიან პარკს, სადაც ვაღებინე არაერთხელ. მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამიყვანეს მერვე სართულზე და ჩამაბარეს ჩემთვის უცნობ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, რომლებმაც ჯერ შემიყვანეს უფროსის კაბინეტში, სადაც მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა უფროსის მხრიდან და მეუბნებოდა, რომ უნდა მეღიარებინა ყველაფერი…“
ამის შემდეგ შემიყვანეს გვერდზე მდებარე გამომძიებლის, სალომე ედიშერაშვილის ოთახში, სადაც იმყოფებოდა სალომე ედიშერაშვილი და კიდევ ერთი გამომძიებელი კაცი, რომელიც ჩემს დაზიანებებს აღწერდა. მე ისევ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი, რაზეც ისევ ირონიული დამოკიდებულება მივიღე. სალომე ედიშერაშვილმა შეავსო ოქმი და მითხრა, რომ ხელი მომეწერა, რაზეც უარი განვაცხადე ადვოკატის გარეშე ხელის მოწერაზე. რის შემდეგაც, გამომძიებელმა კაცმა დაიწყო მუქარა, დაუძახა ორ ნიღბიანს და ისევ გაგრძელდა ჩემი ცემა, ახლა უკვე გამომძიებლის ოთახში მისი თანდასწრებით.
სამი პოლიციელი მაკავებდა და ორი ნიღბიანი მიტყამდა მუშტებს და ფეხებს თავის არეში, გადამამტვრიეს ხის ნივთები. ამის შემდეგ გადავიდნენ ოთახიდან და გამომძიებელმა ისევ მოითხოვა ოქმზე ხელის მოწერა, რაზეც მე უარი განვაცხადე და უკვე ამის შემდეგ ჩამომიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. იქაც უარი განმიცხადეს სასწრაფოს გამოძახებაზე. ორი თვის მანძილზე მიჭირდა მოძრაობა და გადაადგილება.
ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში იღებდა მონაწილეობას, ისინი აძლევენ ჩვენებას სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ: მაგალითად, მიხეილ სუჯაშვილი, ხოლო საქმე გამოიძია სალომე ედიშერაშვილმა, რომლის კაბინეტშიც მისი თანდასწრებით მიმდინარეობდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და მოითხოვდა ოქმზე ხელის მოწერას.
გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ედიშერაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ არ მისულა დანაშაულის ადგილას და არ განუხორციელებია საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე, არ დაუკითხავს არცერთი ნეიტრალური მოწმე და არ მოუძიებია ვიდეოჩანაწერები, რომელიც საერთო სურათს შექმნიდა „ქორთიად მერიოტთან“ მომხდარ ინციდენტზე, გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა სისხლის სამართლის საქმე ააგო გაურკვეველი წარმომავლობის 30-წამიან ვიდეოზე, რომელშიც არც კონტექსტი იკითხება, არც ექსპერტიზით დასტურდება ჩემი მონაწილეობა, მოწმეებად წარმოდგენილი ჰყავს პოლიციელები, რომლებიც იმავე შენობაში მუშაობენ, სადაც თავად მუშაობს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება ერთ ოთახში ჩატარდა, იქვე დაიწერა მოწმეების ჩვენებებიც ერთი პიროვნების მიერ, რომლებშიც ერთი და იგივე შეცდომაა დაშვებული.
გამოძიებას რომ წარედგინა ნეიტრალური მოწმეები და გამოძიება ჩატარებულიყო ობიექტურად, გარდა იმის, რომ ჩემი ბრალეულობა არ დამიმტკიცდებოდა, გაირკვეოდა, რომ ერთი: პოლიცილეზე ძალადობა არ ფიქსირდება, რაც პროკურატურამაც კი აღიარა და მეორე, გაირკვეოდა, რომ იქ მყოფი საზოგადოება ჯგუფური ძალადობის მსხვერპლია „ტიტუშკების” მხრიდან, რაც არაერთმა მოწმემ დაადასტურა და მეტიც, პოლიციაშიც განხორციელდა ზარი ამის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ საქმე შეკერილია, თან არც თუ ისე კარგად. ჩემი დაკავება ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და ჩემს პოლიტიკურ აქტივობას.
არ მესმის, სასამართლომ ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ განაჩენით საქართველოს ევროპული მომავალი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
საქმე იმაში კი არ არის, მე რა განაჩენს გამომიტანენ, საქმე იმაშია, თუ რა განაჩენს გამუტანენ საქართველოს. სასწორზე დგას საქართველოს მომავალი – ჩემი სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეც დგას საქართველო და ქართველი ხალხი”.
საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდების მხარე პოლიციელზე – მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა. აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული.
თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა – სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შედეგად, საბა სხვიტარიძე დანმაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის – რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.