„ვერ ავხსენი, 24 საათში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ როგორ უნდა შეცვალო შენი გადაწყვეტილება – ასე მკვეთრად, ასე რადიკალურად. რა მოხდა შენს თავს? რამ შეგაშინა ასე? ფაქტია, რომ მას ვიღაცის შეეშინდა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.
ელისაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე თანხმობა უარით.
„წვალობენ ისინი, ვისაც რამე ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ და დამოკიდებულია ამ პარტიაზე, იმ პარტიაზე; ფიქრობენ, რომ ეს რომ გავაკეთო იმან არ გამლანძღოს. ჩვენ გადაწყვეტილებებში ვარც თავისუფალი. ჩვენ არც ბოკერიას ვეკითხებით, არც სააკაშვილს და ივანიშვილის, მგონი ვეღარც შევეკითხებით აღარსად აღარ არის, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცით, სადაა. ვაშაძეს შეეშინდა, ერთ დღეში შეცვალა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომელიც საქართველოში 17 იანვარს დაბრუნდა, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ კონსულტაციასა და ინიციატივებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გუშინ გააკეთა.
ალეკო ელისაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი პარტია მოლაპარაკების გაგრძელებას სწორედ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი „ლელოსა“ და სხვა პარტიებთან გეგმავს.
„ფორმულას“ ეთერში გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას „ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესში უჩნდება, ოპოზიციისთვისვეა დამაზიანებელი. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ იდეაზე მსჯელობა უშედეგოა, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს რამე ნაბიჯს და არ დააფიქსირებს პოზიციას – მან პროცესს „წყლის ნაყვაც“ კი უწოდა.