ფაქტობრივად დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემა ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა.

„არც სასულიერო პირი, არავინ მე არ მეგულება ისეთი ბარბაროსი ვინმე, რომ  ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს მერე ტყე.  საქართველოში 95% მოსახლეობის თავს თვლის მართლმადიდებელად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას. ეს არის სახელმწიფოს, ეს არის ეროვნული ქონება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, თუ ტყის გადაცემის შესახებ ინფორმაცია მართალია, „თუ მართლა გადმოგვეცა, ფაქტობრივად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კი განაცხადა, რომ ეკლესია ტყეს მომავალ თაობას შეუნახავს.

„ეკლესია ყოველთვის უფრთხილდება და ისე გადასცემს მომავალ თაობას, როგორც ჩაიბარა. სხვა კონფესიებზე, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ იგივე დაფინანსება აქვთ როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას და იმავე პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორც საქართველოს ეკლესია”, – აცხადებს მიტროპოლიტი გერასიმე.


79 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ტყის კოდექსში” შესატანი ცვლილებები და საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.