ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მთელ ქვეყანაში სანგაგებო მდგომარეობის პირობებს ამკაცრებს. „ცხადდება, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი“, – აცხადებს გიორგი გახარია.
აღნიშნული ღონისძიება ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება.
სრულად იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო. როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით გაადგილება, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი.
იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა. გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.
იკრძალება 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, ან სამედიცინო დაწესებულებაში. თუ ისინი არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან დაეხმარონ მათ.
საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება, ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტორივად, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.
პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის შემოწმების, და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის, ასევე პირველადი ტერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინიტროს ძალები და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
“ამ ყველაფრის აღსრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ამ გამოწვევასთან შედარებით წარმატებული პასუხი გავაგრძელოთ” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.