საპატრიარქოს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე საქართველოში პანდემიურ სიტუაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ვიდეომიმართვაში კობახიძე საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, ღვთისმსახურების ჩვეული წესით გაგრძელების შესახებ, ფანატისტურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა. არგუმენტებით საუბარს საპატრიარქოსთან, პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და ეპისკოპოსებთან არანაირი აზრი არ აქვს… ისინი თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ და ჰყავთ თავიანთი ღმერთი, რომელიც არის ბოროტი არსება, როგორც, მაგალითად, მოლოქი, რომელსაც სჭირდება ადამიანების მსხვერპლშეწირვა . ეს არ არის იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა სამება”, – აცხადებს კობახიძე. –„ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ერს უნდა, რომ ჩაიდინოს კოლექტიური თვითმკვლელობა“.
მისი თქმით, ეკლესიებში მრევლის მხრიდან დისტანციის დაცვა არასაკმარისი ზომაა იმისთვის, რომ ადამიანები არ დაინფიცირდნენ. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი, მისი აზრით, ეკლესიების დროებით დახურვაა.
„უნდა დაკეტონ ერთი თვე ან თვე-ნახევარი ეკლესიები, რომ არ შეიკრიბოს ხალხი”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე იმ საჯარო მოხელეებსაც აკრიტიკებს, რომლებსაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პანდემიურ სიტუაციასთან გამკლავება ევალებათ. მისი თქმით, მათი განცხადებები საპატრიარქოს გადაწყვეტილების შესახებ უმწეობითა და უპასუხისმგებლობით არის განპირობებული.
„ინფექციონისტები ქადაგებენ, იმის მაგივრად, რომ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ“, – აცხადებს კობახიძე, – „ტელევიზორით უყურებენ, როგორ დაინფიცირდება ის ხალხი, რომელზე ზრუნვაც და პასუხისმგებლობაც აკისრიათ მათ“.
საბოლოოდ ბასილ კობახიძე საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ორ ჯგუფს ადამიანების სიცოცხლე არ ადარდებთ და მხოლოდ პრივილეგიების ერთმანეთში გადანაწილებით არიან დაინტერესებულნი.
„მინისტრებს, პოლიტიკოსებს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ოლიგარქებს არც მკურნალობა და არც სასუნთქი აპარატები არ მოაკლდებათ. ორმა ელიტარულმა ჯგუფმა ხელისუფლებამ და ეკლესიამ ერთმანეთში კონსულტაციები უნდა გამართონ, ვინ რა პრივილეგიებს და დივიდენდებს მიიღებს და ქართველი ხალხი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები უნდა ელოდებოდენ, რას გადაწყვეტენ ეს ჯგუფები – დახოცავენ ამ ხალხს, თუ არ დახოცავენ“, – განაცხადა კობახიძემ.