სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებებზე პასუხის მისაღებად „პუბლიკა“ მიტროპოლიტ ზოსიმესთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. ბრალდებებს ცილისწამება უწოდა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მღვდელმა მიქაელ ბრეგვაძემ.
მისი თქმით, მეუფე ზოსიმეს მიმართ არც ერთი ფაქტი არასოდეს არავის არ წარმოუდგენია და გავრცელებული ინფორმაცია არის ბრალდება. მისივე თქმით, 1989 წელს კომუნისტებს საქართველოში პატრიარქისა და ეპისკოპოსების ავტორიტეტის ზრდის ფაქტი არ მოსწონდათ და იგონებდნენ მსგავს ბრალდებებს, რათა დაესუსტებინათ ეკლესია. მღვდელი მიქაელის შეფასებით, მეუფე ზოსიმეს მიმართ „კომუნისტური ამბავი მოხდა“.
ყოფილი სტუდენტების ბრალდება
სასულიერო პირმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ დუშეთის ამჟამინდელმა მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ 1988 წელს, როდესაც სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სვეტიცხოვლის რეზიდენციაში სექსუალურად იძალადა ერთ-ერთ სტუდენტზე, კ.კ.-ზე.
მღვდელი გიორგი სხილაძე აცხადებს, რომ სტუდენტებმა მაშინდელი რექტორი ამხილეს და ხელწერილი დააწერინეს, პატრიარქმა კი ბრალმდებლები და ბრალდების ადრესატი „დაბარება-გამოკითხვის გარეშე სასწავლებლიდან გარიცხა“, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ზოსიმე კი მოგვიანებით ორჯერ დააწინაურა.
მღვდელი გიორგი სხილაძე მიტროპოლიტ ზოსიმეს ხელწერილსაც აქვეყნებს, რომელიც, როგორც სასულიერო პირი იხსენებს, მან სწორედ მის თვალწინ დაწერა.
გიორგი სხილაძის გარდა, სასულიერო აკადემიის კიდევ ერთი იმდროინდელი სტუდენტი, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, რომელიც ამჟამად კვიპროსის ერთ-ერთ ეკლესიაში მოღვაწეობს, „მთავარ არხთან“ საუბრისას იხსნებს 1988 წლის სასულიერო აკადემიაში მომხდარ ფაქტს. ის ამბობს, რომ, როგორც სტუდენტისგან იცის, იყო გარკვეული ურთიერთობის მცდელობა. საუბარია სტუდენტ კ.კ.-ზე.
„სასულიერო აკადემიაში მოხდა. ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო, ძალიან წესიერი და ერთი პერიოდი ძალიან აირია და ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მერე, როგორც ჩანს, გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი. ამის გამო მოხდა ეპისკოპოსის მხილება. რამდენიმე სტუდენტი დაინტერესდა ამ ამბით და ასე გაირკვა“, – ამბობს ზაქარია ფერაძე.
ის ამბობს, რომ მაშინ ზოსიმე შიოშვილი არ დაუსჯიათ. სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით: „როგორც სტუდენტებთან მოილაპარაკა, უნდა წასულიყო სულ, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა. როცა გამსახურდია გახდა პრეზიდენტი, ამის შემდეგ გადაიყვანეს აკადემიიდან“.
წერილი, რომელშიც სტუდენტი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე საუბრობს
„ტაბულამ“ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, ინფორმირებული წყაროსგან მიიღეს. წერილი სხვადასხვა თარიღით იძებნება, ასევე, სხვადასხვა ვებგვერდსა და ფორუმზე.
წერილის ავტორი ინიციალებით კ.რ. აღწერს მიტროპოლიტ ზოსიმესთან ურთიერთობის დეტალებს. კ.რ. ჰყვება, რომ სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ რექტორი წერილის ავტორსა და მეორე სტუდენტს სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხის მოგვარებას შეჰპირდა.
„გავიდა ცოტა ხანი და მიბარებს რექტორი. შევედი, ავიღე ლოცვა-კურთხევა და მკითხა ჩემი სამხედროს ამბავი. მე ვესაუბრე. შემდეგ კი წამოდგა ფეხზე და დამიდგა წინ. მე ასეთი ახლო დადგომა ეპისკოპოსის და ისიც რექტორის, გამიკვირდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოძღვრისა და მოსწავლის ახლო დამოკიდებულებას მივაწერე. და როცა შუბლზე მაკოცა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა. მე მის მიმართ ასეთი სიყვარულით ვიყავი დამოკიდებული და ამ კოცნამ შინაგანად დამხორკლა და ერთიანად გამიყინა ძარღვებში სისხლი. შემდეგ ხელი მომისვა სახეზე და მითხრა, წადიო. მეც გაოგნებული გამოვედი იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რა მელოდა. რაღაც შინაგანი გრძნობა მქონდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი მეშინოდა. შემდეგ რამოდენიმეჯერ განმეორდა ასე ხელებით მოფერება, კოცნა შუბლზე, თავზე. ერთხელ როცა სვეტიცხოველში წირვა დამთავრდა, დაითხოვა ეპისკოპოსმა ზოსიმემ ყველა სტიქაროსნები, ჩემ გარდა. მე ვიჯექი და შინაგანად რაღაცას ველოდი, ვიჯექი და გაოგნებული ტელევიზორს ვუყურებდი. ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა“
„შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: „შენც მარგალიტი ხარ“. შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი მოგეფეროო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში, სადაც მოჰყვა „ბოზი ქალივით“ ხვევნა-კოცნას, სადაც შუქი ჩააქრო და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: „რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, (გვ.3) გიშრის თმა გაქვს“ და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა. შემდეგ, წამოვედი და მთელი ღამეები არ მეძინა“.
„ჩავედი მცხეთაში, ზოსიმესთან, მისამართის გასაგებად. მივედი თუ არა სვეტიცხოველში, მაშინვე აღგზნებული პირუტყვივით მითხრა, აქეთ შემოდიო და კაბინეტში შევედით. შინაგანად რაღაცას ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, თუ კიდევ ისეთი რამ გაიმეორა-მეთქი, აუცილებლად რაღაცას დავასახიჩრებდი. ამის საშუალება მქონდა გარშემო დაწყობილი, შანდლებს რომ შევხედე, მაგრამ მაშინვე ისიც ვიფიქრე, ამ ბილწს მარტო ეკლესიისადმი მორჩილებით არ იქნებოდა და აუცილებლად დამიჭერდა. მე დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა. დამიწყო ხვევნა-კოცნა (ეპისკოპოსი კაბით იყო)… სურნელოვან ნელსაცხებელში შემზადებული თმები გაიშალა და გადმომაფარა სახეზე… ეს უკვე მეტისმეტი იყო. და წამოვაგდე ფეხზე. მხოლოდ მაშინ მოეგო გონზე ავადმყოფი და ცდილობდა, მღელვარებისაგან არეული სახე დამშვიდებოდა. წამოვედი გაბრაზებული და ვფიქრობდი, ამნაირი არც ჯარიდან დატოვება მინდა და არც სწავლა-მეთქი. რა ვიცოდი, თუ აქ ასეთი სიბინძურე სუფევდა. (გვ4ა) ავიცრუე გული სწავლაზე და მცხეთიდან სულ ლანძღვა-გინებით ჩამოვედი თბილისში…“
საპატრიარქოს პოზიცია
„პუბლიკა“ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენელს მღვდელ მიქაელ ბრეგვაძეს, მისი თქმით, მიტროპოლიტ ზოსიმეს მიმართ არც ერთი ფაქტი არასოდეს არავის არ წარმოუდგენა და გავრცელებული ინფორმაცია არის ბრალდება.
მისივე თქმით, 1989 წელს კომუნისტებს საქართველოში პატრიარქისა და ეპისკოპოსების ავტორიტეტის ზრდის ფაქტი არ მოსწონდათ და იგონებდნენ მსგავს ბრალდებებს, რათა დაესუსტებინათ ეკლესია.
მღვდელ მიქაელის შეფასებით, მეუფე ზოსიმეს მიმართ „კომუნისტური ამბავი მოხდა“. ის ასევე ამბობს, რომ მღვდელი, ვინც ინფორმაცია გაავრცელა, საქართველოს ეკლესიის წევრი არაა და, ასევე, მისი გავრცელებული დოკუმენტი უზუსტობებს შეიცავს.
„რა უფლებით ლაპარაკობს. გამოდიან, დღეს-ხვალ დოკუმენტებს მოვიტანთო. ვინც დოკუმენტი მოიტანა, ყველა გათავისუფლებულია. მღვდელმა თეოდორემ 5 კაცზე მოიტანა და ახლა ზნეობრივი კომისია მუშაობს ხუთიანზე. ერთ-ერთმა პიროვნებამ, როცა მოითხოვა უკან დაბრუნება, მეუფე შიომ მითხრა, სანამ ცოცხალი ვარ არ დავაბრუნებთო, თუმცა იქ სხვა ამბავი იყო. ზნეობრივი კომისია მუშაობს და თუ ვინმეს რამე აქვს, გამოაგზავნოს კომისიაში“. – ამბობს მიქაელ ბრეგვაძე. რაც შეეხება მღვდელი გიორგი სხილაძის გავრცელებულ დოკუმენტს, ამბობს, რომ „ის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მოღვაწე მღვდელია და საქართველოს ეკლესიას არ ეკუთვნის, გამოირჩევა უხამსი სიტყვებით. დოკუმენტი, რომელსაც დაურთო განმარტება, 1988 წელს არის შედგენილი. ამ დროს მიტროპოლიტი ზოსიმე 1989 წელს გაუშვეს სემინარიიდან. ის არის მცხეთის დოკუმენტი და მიტროპოლიტი ზოსიმე მუშაობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში და არა მცხეთაში. ძალიან კარგი ეპისკოპოსი იყო. კომუნისტები შეშინდნენ და აბრალებდნენ რაღაცებს იმის გამო. ყველაზე განათლებული ადამიანი იყო მაშინ. უყვარდა მეცადინეობა, ხალხს ასწავლიდა ღვთისმეტყველებას და საოცარი პიროვნება იყო. დღეს რა დღეშია, ანერვიულეს ადამიანი. ის, რაც გამოქვეყნდა, ფარატინა ფურცელია და ლაპარაკია იმაზე, რო სტუდენტებმა გადააყენეს. ვინც მოითხოვეს, ყველასთან მისაუბრია. ერთ-ერთ არქიმანდრიტს დაველაპარაკე – მოწმე იყო ზოსიმეს წინააღმდეგ. ვკითხე და მითხრა სხვამ, სანდო ადამიანმა მითხრა, იმ პირს რო ვკითხე, იმან უარყო, ასეთი არაფერი მითქვამსო. ასეთი ამბავი იყო კომუნისტური.“ – ამბობს მღვდელი მიქაელ ბრეგვაძე.
შესწორება: ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში იდენტიფიცირებული იყო სავარაუდო მსხვერპლის სახელი და გვარი. შესწორებულ ვერსიაში მისი სახელი და გვარი აღარ იძებნება.