ფარცხალაძის გადასარჩენად — SJC-მა აშშ-ის სანქციების სახელმწიფოს მიერ აღსრულება შეაფასა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” აშშ-ის მხრიდან ოთარ ფარცხალაძის სანქცირება და ამაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია და რეაგირება შეაფასა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა.

SJC-ის განცხადებით, „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად ეხმარებოდნენ მას სანქციებისგან თავის არიდებაში”.

„თითქმის 2 წლის განმავლობაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას ფლობდა უკანონოდ, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მოვლენათა ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ სააგენტომ საკითხზე მოკვლევა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ფარცხალაძის შვილის მოთხოვნა მამისგან 12 უძრავი ნივთის საჩუქრად მიღების შესახებ”, – მიუთითებს ორგანიზაცია.

რაც შეეხება საერთაშორისო სანქციების აღსრულებას, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე საჯაროდ ხელმისაწვდომია მხოლოდ სებ-ის 2023 წლის 4 აგვისტოს სპეციალური ბრძანება, რომელიც ომის ფარგლებში დაწესებული სანქციების აღსრულებას შეეხება. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული სანქციების აღსრულების ერთიანი, სისტემური პოლიტიკა, სადაც გაიწერებოდა, რა ნაწილში უერთდება ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს ან რომელ სფეროებზე ვრცელდება პარტნიორი ქვეყნების ანალოგია.

„ამასთან, გაუგებარია, ავრცელებს თუ არა სახელმწიფო სანქციებს პირების უძრავ ქონებასა და ძვირადღირებულ მოძრავ ნივთებზე.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გვერდს უვლის უძრავ ქონებაზე დაწესებულ სანქციებს, ის უნარჩუნებს სანქცირებულ პირებს თავიანთი საკუთრების განკარგვის უფლებას, რაც საგრძნობლად ამცირებს მსგავსი შეზღუდვების დაწესების მიზნის მიღწევის ეფექტიანობას და ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის დაწესების სულისკვეთებას.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს სანქციების აღსრულების პოლიტიკა ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე მის გავრცელებას, მაშინ საქმე გვაქვს იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების კოორდინირებულ, უკანონო საქმიანობასთან, რომლითაც ფარცხალაძემ შეძლო და თავიდან აირიდა საერთაშორისო სანქციები და ყადაღას გადაარჩინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები შვილისთვის ჩუქების გზით.

სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ისეთი პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს საქართველოს, რომ ის არ გახდეს სანქციებისგან გვერდის ავლის სივრცე. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს გაეცნოს სანქციების იმ სამართლებრივ რეჟიმს, რომელსაც ქვეყანა ემორჩილება”, – წერს ორგანიზაცია. 

SJC აღწერს ოთარ ფარცხალაძის სანქცირების ქრონოლოგიასაც; 

  • 11 თებერვალი, 2023 – პირველი ცნობები ოთარ ფარცხალაძის მეირ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ.
  • 14 სექტემბერი, 2023 – აშშ-ის სახ. დეპის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია.
  • 18:12 სთ, 18 სექტემბერი, 2023 – სებ აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციების აღსრულების ფარგლებში, აქტივებსა და ტრანზაქციებზე წვდომა შეეზღუდა.
  • 21:23 სთ, 18 სექტემბერი, 2023 – ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
  • 13:59 სთ, 19 სექტემბერი, 2023 – პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს მისთვის არ მიუმართავს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ.
  • 14:45 სთ, 19 სექტემბერი, 2023 – ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა და მედიისგან შეიტყო, რომ ის 1 წელია რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.
  • 20:42 სთ, 19 სექტემბერი, 2023 – პრეზიდენტი აცხადებს, რომ სააგენტოსგან დასკვნის მიღებისთანავე, შეუწყვეტს მოქალაქეობას ოთარ ფარცხალაძეს.
  • 21:09 სთ, 19 სექტემბერი, 2023 – სებ-ის მოვალეობის შემსრულებელი, ნათელა თურნავა, გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შეაქვს სანქციების აღსრულების წესში და ადგენს საგამონაკლისო წესს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
  • 20 სექტემბერი, 2023 – კომერციული ბანკების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
  • 20 სექტემბერი, 2023 – ნათელა თურნავა აცხადებს, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორს.
  • 12:16 – 12:18 სთ, 20 სექტემბერი, 2023 – იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს ოთარ ფარცხალაძის შვილი მისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 12 უძრავი ნივთის გადაფორმებაზე, რაშიც ჯამურად 4200 ლარს იხდის (განცხადების წარმოდგენის დღეს რეგისტრაცია).
  • 17:23 – 18:00 სთ, 20 სექტემბერი, 2023 – იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ შვილისთვის მინიმუმ 12 უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ.
  • 17:44 სთ, 20 სექტემბერი, 2023 – იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები ავრცელებენ განცხადებას, რომლის თანახმადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
  • 19:55 სთ, 20 სექტემბერი, 2023 – იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც მის დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაასრულა წარმოება და მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, დასკვნა კი გაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.