კონკურენციის სააგენტო 2018 წლის 25 დეკემბრიდან ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნული დოკუმენტი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშია, საბოლოო ანგარიშს სააგენტო 2021 წლის ბოლომდე წარადგენს.
მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზი მოამზადა. შეირჩა ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების 6 ჯგუფი – ურთიერთჩამანაცვლებელი აქტიური ნივთიერებების დონეზე (სულ 120-მდე სავაჭრო დასახლების მედიკამენტი). შესასწავლი ჯგუფების შეირჩა დარგის ექსპერტების, ასოციაციებისა და ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების აქტიური ჩართულობით.
შუალედურ ანგარიშში განხილულია ერთი ჯგუფი – Ceftriaxone, Ceftazidime, Cefdinir, Cefpodoxime, Cefotaxime, Cefixime [ანტიბიოტიკები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ].
შერჩეული მედიკამენტების ანალიზის ფარგლებში, სააგენტოს ძირითადი
დაკვირვების ობიექტი იყო მედიკამენტების საცალო ფასები და ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების (მედიკამენტების თვითღირებულება, ლარის გაცვლითი კურსი) გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე.
სააგენტო ანგარიშში წერს, რომ კონკურენტული გარემოს შეფასება ფარმაცევტულ ბაზარზე, სხვა ბაზრებისგან განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, რასაც განაპირობებს თავად ბაზრის სპეციფიკა, შედეგი სამი კომპონენტის გათვალისწინებით – ექიმი, ფარმაცევტი და მომხმარებლის არჩევანი.
მათივე თქმით, ბაზარზე მოთხოვნა ფორმირდება არა საბოლოო მომხმარებლის მიერ (პაციენტი), არამედ პირველ რიგში ექიმის და საბოლოოდ, რიგ შემთხვევებში ფარმაცევტის დონეზე. შესაბამისად, ბაზარზე არ არსებობს საბოლოო მომხმარებლის კონკურენტული წნეხი და ამ მოცემულობაში, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, თუ რამდენად ქმნის კონკურენტულ წნეხს ექიმისა და ფარმაცევტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს ბაზარზე არსებულ ურთიერთჩამანაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენტული წნეხის დონის შეფასება.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნული მედიკამენტების ჯგუფის შეფასებას, ანგარიშის მიხედვით, განსახილველი სამკურნალო ჯგუფი გამოირჩევა იდენტური და ურთიერთჩამანაცვლებელი მედიკამენტების ფართო არჩევანით. ბაზარზე სხვადასხვა დროს უზრუნველყოფილია 30-40 დასახელების/შეფუთვის/მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით განსხვავებული სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, განსახილველი ჯგუფის ფასწარმოქმნის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების ფასნამატი ბრენდირებულ მედიკამენტებზე, მსგავსია გენერიკულ მედიკამენტებზე არსებული ფასნამატისა (თანხობრივ ნაწილში). შედეგად, გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით, გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით ხდება.
ფასწარმოქმნის ამგვარი მოდელი, არაგონივრულს ხდის მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არსებულ მოთხოვნას, მაშინ როდესაც ბაზარზე ხელმისაწვდომია გაცილებით დაბალი ფასის მქონე გენერიკი ან/და კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტი.
ამავდროულად, მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტების ბაზარზე არსებობა და მათზე არსებული ხელოვნური/გარანტირებული მოთხოვნა, კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ხორციელდება მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, მიიღონ მაღალი ფასნამატი.
სააგენტო წერს, რომ გარანტირებული/ხელოვნური მოთხოვნა ქმნის წინაპირობას, რომ კომპანიებმა ფასწარმოქმნასთან დაკავშრებით გადაწყვეტილებები მიიღონ ყოველგვარი კონკურენტული წნეხის გამორიცხვის შედეგად. მათივე თქმით, ამგვარ მედიკამენტებზე არსებული გარანტირებული მოთხოვნა შესაძლებელს ხდის გენერიკებზე გაცილებით მაღალი ფასნამატის მიღებას (პროცენტულ ნაწილში).
საბოლოო ჯამში, საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში (სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში), შერჩეული ჯგუფისა და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, მომხმარებელი საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდა – იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში (2016- 2020 წწ.) – გენერიკებზე არსებული ფასნამატის გათვალისწინების პირობებში.
რეკომენდაციები
ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციისა და შედეგად გენერიკების წილის ზრდის უზრუნველსაყოფად, სააგენტო მიზანშეწონილად მიაჩნევს რეკომენდაციების 2 ჯგუფის გაცემას:
1. რეკომენდაციები, რომლებიც დააბალანსებს ბაზრის მაღალი ინტეგრაციისა და ჰოლდინგური სტრუქტურის შესაძლო უარყოფით გავლენას; გაანეიტრალებს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობას და ანგარებიან ურთიერთობას.
2. რეკომენდაციები, რომლებიც დარგის მარეგულირებელს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად განახორციელოს დარგის კონტროლი;
სააგენტოს პოზიციით, წინამდებარე რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია ბაზარზე საუკეთესო ხარისხის, ფასის და მედიკამენტებზე გაზრდილი არჩევანის მიღწევა – ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ რეკომენდაციების ნაწილი წარმოადგენს სისტემური ცვლილების წინაპირობას და რიგი მათგანის განხორციელება შესაძლოა დასჭირდეს დროის გარკვეული პერიოდი.
1. მედიკამენტების ბაზარზე რეგულირების 2 ძირითად მიმართულება არსებობს:
1. ფასების პირდაპირი რეგულირება ან/და:
2. ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციის უზრუნველყოფა და შედეგად გენერიკების წილის ზრდა ბაზარზე. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ მეორე მეთოდი მეტად ეფექტიანია. გენერიკების ფართო მოხმარებითა და პოპულარიზაციით მიიღწევა მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა.
1.1. მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება – წარმოადგენს ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის კონკურენციის უზრუნველყოფისა და გენერიკების საბაზრო წილის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საშუალებას;
1.2. გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება – სასურველია რეცეპტის/დანიშნულების დონეზე ძირითად გენერიკთან ერთად მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი;
1.3. „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა – ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში – გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა კომბინირებულ მეთოდებს;
1.4. ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა – სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე;
1.5. ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი – მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტის და მედიკამენტების საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო;
2. სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა – წამოადგენს პოლიპრაგმაზიის (მედიკამენტების ჭარბი მოხმარება) წინააღმდეგ მიმართულ ეფექტიან საშუალებას. ამ მიმართულებით, დარგის მარეგულირებელთან ერთად, მნიშვნელოვანია დარგობრივი ასოციაციების მაქსიმალური ჩართულობა. სამკურნალო გაიდლაინების შემუშავების შემდეგ, სასურველია დაწესდეს სამკურნალო ბიუჯეტების ზედა ზღვარი, რასაც დადებითი ეფექტი ექნება, როგორც პოლიპრაგმაზიის შემცირებაში, „ბად“-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) კონტროლში და ასევე გენერიკული მედიკამენტების კონცენტრაციის ზრდაში;
3. GMP სტანდარტის შემოღება – სააგენტოს პოზიციით, GMP სტანდარტი აუცილებელია მოქმედებდეს ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ორივე დონეზე – წარმოება, იმპორტი;
4. მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულებს ერთიანი სისტემის დანერგვა – წარმოადგენს დარგის მარეგულირებლის მიერ ბაზრის კონტროლის ეფექტიან საშუალებას;
5. რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი – განხორციელება შესაძლებელი და აუცილებელია მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების არსებობის შემთხვევაში;
6. სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი – მნიშვნელოვანია, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გაწერილ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტებს ჰქონდეს შესაბამისი სანქცირების მექანიზმი, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი.
7. რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა – საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობა, რომლის შედეგადაც რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელი პირი იღებს ნებისმიერ მატერიალურ თუ არამატერიალურ სარგებელს, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი დარგის მარეგულირებლის ვებ გვერდზე. ამისათვის კი უნდა შეიქმნას შესაბამისი ანგარიშგების სისტემა და ინფორმაციის წარდგენის სავალდებულო მექანიზმი დარგის მარეგულირებლისთვის.