ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება - ფერაძე

პუბლიკა

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. როგორც საქართველოს პირველ არხს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართი არ უნდა გამოიყენონ სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.

მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებული იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციას შეატყობინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი განაცხადებს, რომ მან იჯარის ხელშეკრულებაში ჩადო სოციალური ღონისძიების აკრძალვის პირობა, თუმცა დამქირავებელმა ეს დათქმა არ შეასრულა. ბექა ფერაძე ამბობს, რომ შეისწავლიან, იყო თუ არა ინფორმირებული მფლობელი ფართით სარგებლობის რეალური მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ბექა ფერაძის განმარტებით, მსგავს არგუმენტს იმავე ფართის მეორედ და მესამედ გაქირავების შემთხვევაში საფუძველი ვერ ექნება და, შესაბამისად, მფლობელებისთვის სანქციებისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ვერ იმუშავებს.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განმარტებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმდება მოიჯარე ფიზიკური პირი – 2 ათასი ლარით, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს. ფერაძის განცხადებით, სწორედ ასეთი პრაქტიკის გახშირება გახდა რეგულაციების გამკაცრების მიზეზი. ახალი წესები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება.