ფართო შიდა გავრცელება რომ დაიწყება, მერე ვიტყვით, როდის იქნება პიკი - იმნაძე მოსალოდნელ პიკზე

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ მედიის კითხვებს უპასუხა. „რუსთავი 2-ის” შეკითხვაზე – პრეკრიტიკული პერიოდიდან კრიტიკულ ფაზაში გადასვლის შემდეგ რა მოთხოვნები დადგება სახელმწიფოს და მოქალაქეების წინაშე? – პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ ისევ და ისევ კიდევ გამკაცრდება საკარანტინო ზომები, რაც ნიშნავს – „დარჩი სახლშის“.

„თუ საჭირო გახდება, მივიღებთ ისეთ საკარანტინო ზომებს მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორიც არის ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი პერსონალური მოსაზრებით – დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე, ჩვენ კიდევ ვიქნებით პრეკრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შესაძლოა შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში.

პაატა იმნაძემ ბრიფინგზე „პუბლიკის” შეკითხვებსაც უპასუხა,  ჩვენი გამოცემის შეკითხვა ეხებოდა ინფორმაციას ვირუსის გავრცელების პიკის შესახებ.

როგორც იკვეთება, პიკთან და გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარია მოსალოდნელი. რადგან მნიშვნელოვანია ამ საკითხის სიცხადე, იქნებ განგვიმარტოთ, რა სცენარებზეა საუბარი და ამ სცენარებით მინიმუმ და მაქსიმუმ რამდენი ხნით მოგვიწევს დღევანდელი შეზღუდვებით ცხოვრება?

„დღეს გახდა ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ღონისძიება, რაც ქვეყანაში თავის დროზე ჩატარდა წესით და რიგით, ახლა სამჯერ მეტი შემთხვევა უნდა ყოფილიყო. ამიტომ თუ შეიძლება, მე მესმის ყველას აინტერესებს, რა მოხდება, მაგრამ როცა დაიწყება ფართო შიდა გავრცელება, მერე გვეცოდინება და დავასახელებთ ზუსტად ამ დროს, როდის იქნება პიკი. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები იქნება დაავადების შემთხვევების ზრდა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას მარნეულსა და ბოლნისში შიდა გადაცემის შემთხვევების შესახებ. მისი თქმით, სულ 80 ადამიანს ჩაუტარდა ანალიზი და დღეის მდგომარეობით,  ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ფართო გავრცელება არ არის და ყველა დადებითი შემთხვევა მარნეულში მცხოვრები ინფიცირებული ქალის ახლო კონტაქტია.