ფარულად შემოწმებული ცემენტის 31 სახეობიდან მხოლოდ 9 აკმაყოფილებს სტანდარტს – ასოციაცია

პუბლიკა

საქართველოს ცემენტის ასოციაცია ცემენტის ხარისხის შესახებ მერვე ფარული ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

ასოციაციამ 2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში შეფუთული ცემენტი შეიძინა (თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმში, ქუთაისში). სულ შეიძინეს 18  მწარმოებლის პროდუქცია, რომელთა შორის 3 იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც არის.

შედეგების მიხედვით ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები. 9 ნიმუშიდან ექვსი 6 ადგილობრივი პროდუქციაა,  3 იმპორტირებული, თურქული. შემოწმებული 31 ნიმუშიდან 22-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის ივლისის ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. კერძოდ, ივლისში შემოწმებული  28 ნიმუშიდან ცხრამ  გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (32%), ხოლო შემოწმებული 28 ნიმუშიდან ცხრამეტმა ვერ გადალახა, აქედან რვამ შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.