„ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება" | შეფასება

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს.

კანონპროექტით შესაძლებელი ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარულ მოსმენას.

ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი;
  • ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება;
  • ფარული მოსმენები 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება განხორციელდეს;
  • ფარული მიყურადების სუბიექტს, 100 დანაშაულის შემთხვევაში შესაძლოა არც კი შეატყობინონ ამის შესახებ;

როგორ აფასებენ ინიიცირებულ ცვლილებს ორგანიზაციები? 

მათი შეფასებით, კანონპროექტი მნიშვნელოვანად აუარესებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომლებიც კანონდებლობაში 2014 წელს განხორციელდა.

2014 წლის 1 აგვისტოს რეფორმის შედეგად დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა და პირისათვის შეტყობინების ვალდებულება, რაც დადებითად იყო შეფასებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

„შემოთავაზებული ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ისედაც მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში.

სატელეფონო კომუნიკაციის უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი კვლავაც გამოუძიებელია, მასიური თვალთვალის თაობაზე კი ბოლოს გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც საუბარია 2013-2021 წლებში სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვა პირების კერძო კომუნიკაციების სავარაუდო მასობრივი თვალთვალის პრაქტიკის თაობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციების შეფასებაში.

მათი თქმით, პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კი, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.