საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტებზე ფასი იყოს ოპტიმალური. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „რუსთავი2-ზე” „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმალური იყოს ფასი, რომელსაც მოსახლეობა იღებს. ჩვენ დღეს კონკრეტულ ფასს ვერ განვსაზღვრავთ, ფასები სულ დინამიკაშია, ხან მცირდება და ხან იზრდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კონკურენციის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც სამართლიან და ოპტიმალურ ფასს დააწესებს. ამიტომ, ამ საკანონმდებლო გარემოს შექმნაზე იმუშავებს ჩვენი სამინისტრო და უახლოეს ხანებში წარედგინება პარლამენტს. იმედია, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამას მოვახერხებთ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტით გაიაფდება ფასები – ძალიან რთულია ახლა კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ფასები გაიაფდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება სხვადასხვა რგოლში. შემცირების ტენდენცია უკვე დაწყებულია და ეს შემცირების ტენდენცია ნამდვილად გაგრძელდება. აქ არის მთელი ჯაჭვი წარმოსადგენი, ჯაჭვი რაც უფრო მოკლეა და რაც უფრო ეფექტიანია მიწოდება და რაც უფრო ეფექტიანად ორგანიზებულია ვაჭრობა, რა თქმა უნდა, მარჟები ოპტიმალურია და ფასებიც უფრო მისაღებია მომხმარებლისთვის,”- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სურსათის ფასების დასარეგულირებლად იმპორტიორებისთვის ფასები და მარჟები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდება.