ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის 10 ივლისის შეხვედრა აბუ დაბიში 5 საათს გაგრძელდა. მათ სამშვიდობო შეთანხმება განიხილეს.
შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ბლოკადის შემსუბუქების საკითხიც, ოფიციალურ განცხადებაში აქცენტი მხოლოდ საზღვრის დემარკაციის საკითხზე გაკეთდა.
ერევანმაც და ბაქომაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორმხრივ მოლაპარაკებებს ყველაზე ეფექტურ ფორმატად მიიჩნევენ და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სერიოზული და არსებითი დისკუსიები გაიმართა სამშვიდობო დღის წესრიგის ძირითად ასპექტებზე, მათ შორის საზღვრის დემარკაციაზე, ზანგეზურის დერეფნის გახსნასა და განვითარებაზე, სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაზე და სხვა საკითხებზე“.
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანი ზეწოლას ახორციელებდა სომხეთზე „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მოთხოვნით, თუმცა 2024 წლის ზაფხულში ბაქომ თქვა, რომ ეს საკითხი უკანა პლანზე გადასწია. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი დროთა განმავლობაში კვლავ არის რეგიონის ქვეყნების განხილვის საგანი.
ზანგეზური არის სომხეთის სამხრეთ ნაწილი (სიუნიქის რეგიონი), რომელიც ესაზღვრება აზერბაიჯანს აღმოსავლეთით (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა) და ირანს სამხრეთით.
ამ რეგიონზე გადის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს აკავშირებს ირანთან და ასევე ასრულებს საკვანძო როლს სომხეთის შიდა ტრანსპორტში.
ზანზეგურის დერეფნის გახსნა აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, ნახიჩევანთან და შესაბამისად, თურქეთთან პირდაპირი სახმელეთო კომუნიკაცია დაამყაროს.
სომხეთი აცხადებს, რომ ღიაა რეგიონში კომუნიკაციების არხების გახსნის იდეისადმი, თუმცა ნახიჩევანის მიმართულებით დერეფანს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გზაზე, სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლისას საბაჟო კონტროლი იარსებებს.
ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მცდელობებს.
„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციისა და მდივან რუბიოს მიდგომა თავისთავად მეტყველებს. მისი განცხადებები აჩვენებს, რომ ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც მშვიდობისთვის მუშაობს. ისინი გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია და წავლენ იქ, სადაც საჭიროა. ეს პოზიცია არ შესუსტებულა, რადგან მთავარი პირობა, „აქციე ამერიკა კვლავ დიდებულად”, ასევე მოიცავს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში სიტუაციის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „აშშ იმედოვნებს, რომ მალე ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“.