ფაშინიანი: სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არაა.

ფაშინიანმა ამის შესახებ მიუნხენში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა. 

„მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს ჩვენი გულწრფელი პოზიციაა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა გერმანიაში სომხურ დიასპორასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო-პოლიტიკური ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაა.