სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნილო ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, იყო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებასა და TRIPP-ზე (ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ე.წ მშვიდობის გზაჯვარედინი).
„უკვე რვა თვეა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სრული მშვიდობაა. 2025 წელი გახდა პირველი წელი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის სროლებს არ მოჰყოლია მსხვერპლი ან დაშავება.
უკვე თვეებია, საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობას არ სმენია სროლის ხმა. მეტიც, დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად, 2025 წლის ნოემბერში, მატარებელმა გაიარა აზერბაიჯანზე, გაიარა საქართველოზე და მიაღწია სომხეთის რესპუბლიკას. ვიმეორებ, ეს პირველი შემთხვევაა 1991 წლის შემდეგ.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 2025 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მოხსნიდა შეზღუდვებს სარკინიგზო გადაზიდვებზე აზერბაიჯანის გავლით სომხეთისკენ, და მე მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებისთვის.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, განვაცხადეთ, რომ დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით, რადგან ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი არსებული საგზაო ქსელით. ჯერჯერობით არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა.
ვვარაუდობ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეაფერხოს TRIPP (ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ე.წ მშვიდობის გზაჯვარედინი) პროექტის განხორციელება.
მე ამ ტრიბუნიდან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
2025 წლის აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობის შემდეგ სომხეთი აზერბაიჯანთან სატრანზიტო შეთანხმებას დათანხმდა და სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა.
აზერბაიჯანი სომხეთში მდებარე სიუნიქის გავლით სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა მოითხოვდა, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახიჭევანთან – აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებდა, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება.
ამ პროექტს ილჰამ ალიევი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებდა და იმუქრებოდა, რომ თუ ერევანი მას არ დათანხმდებოდა, მიზანს ძალის გამოყენებით მიაღწევდნენ.
აშშ-ს შუამავლობის შემდეგ, 2025 წლის 8 აგვისტოს ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და შეიქმნა ახალი გეგმა – სატრანზიტო გზას, რომელსაც ამერიკული კომპანია გააკონტროლებს, ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) დაერქვა.
დღევანდელი სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი დღეიდან არის, უზრუნველყოს საგზაო კავშირი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კორნიძორის, გორისის, ეღეგნაძორის და ერასხის გავლით აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.
„ეს წინადადება არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად ვაშინგტონის შეთანხმებების დაყოვნებას, ჩაშლას ან დავიწყებას, და ამას ოფიციალურად ვამბობ.
ჩვენ ამ წინადადებით გამოვდივართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზას ოდნავ ალტერნატიული გზით ვიყენებთ“, – თქვა მან.
ფაშინიანის განცხადებით, როგორც აზერბაიჯანი ელოდება კავშირის დამყარებას სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ისე სომხეთიც ელოდება ველოდებით სარკინიგზო კავშირის დამყარებას სომხეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით.
„ამ რკინიგზას სომხეთისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. სომხეთის მთიანი რელიეფი სხვა გზით ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სარკინიგზო კავშირის საშუალებას არ იძლევა. როგორც ხედავთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლოდინები ამ თვალსაზრისით ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“. – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ახსენა საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზაც და მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს.
„ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი სომხეთისთვის საექსპორტო მიმართულებაც გახდება. სომხეთი უკვე ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს აზერბაიჯანიდან, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების ფასების ვარდნა ჩვენს ბაზარზე და დაამსხვრია ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები ნავთობპროდუქტების ბაზარზე.
ასევე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.