ფაშინიანის თქმით, მზად არის, აზერბაიჯანთან საზღვრის სრული დემარკაცია მოახდინოს

პუბლიკა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში მოახდინოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან.

მან სომხეთის პარლამენტში თქვა, რომ საზღვრის დემარკაცია ტოპოგრაფიული რუკებისა და კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს.

ფაშინიანის განცხადებით, არსებობს შეთანხმება აზერბაიჯანთან რუკების შესახებ. თუმცა, საზღვრის დემარკაციის პროცესის პოლიტიკური საფუძველი არის ალმათის დეკლარაცია და სწორედ ამ დოკუმენტის საფუძლევზე აღიარებენ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ახლა ჩვენ უნდა დავადგინოთ სამართლებრივი საფუძველი, რომელიც არსებობდა 1991 წელს საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებით. სამართლებრივი, იურიდიული საფუძვლები ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს იქნება სომხეთის მხარეს სომხური სოფლების: ბაგანის-ვოსკეფარ-კირანც-ბერქაბერის მონაკვეთი, ხოლო აზერბაიჯანის მხარეს – ბაღანის აირუმი, ნერკინ ვოსკეფარი (აღაშ), ხეირიმლი და ყიზილ ჰაჯილი.

ალმათის დეკლარაციის საფუძველზე დემარკაციის განხორციელება არ ნიშნავს ახალი საზღვრის შექმნას, არამედ იმ საზღვრების რეკონსტრუქციას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში”. – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

დამოუკიდებელი სომხური მედია წერს, რომ მისი ეს განცხადება აზერბაიჯანისთვის ტავუშის რეგიონში 4 სომხური სოფლის დათმობას ნიშნავს.

ოპოზიციისთვის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მიუღებელია. საპარლამენტო ფრაქცია „სომხეთის” დეპუტატის, გარიკ დანელიანის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე სომხეთის ისტორიული მიწებია: VIII საუკუნის ეკლესიები, სიმაგრეები, ციხე-სიმაგრეები.

“ამ ყველაფერს პარლამენტის ტრიბუნიდან ამბობთ? რას აკეთებ? თუ ფრონტის ხაზი დაიშლება, მტერი სახლებთან გამოჩნდება. თქვენ ლორის რაიონი სასაზღვრო რაიონად აქციეთ, გაზსადენი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა“. – მიმართა ფაშინიანს დანიელიანმა.

CivilNet-ის ცნობით, 2024 წლის 9 მარტს აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ-მინისტრის, შაჰინ მუსტაფაევის ოფისმა განცხადება გაავრცელა და მოითხოვა, სომხეთმა სასწრაფოდ დააბრუნოს ოთხი სოფელი, რომლებიც ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანის ნაწილია. ამჟამად ამ სოფლებს ოფიციალური სომხეთი აკონტროლებს და ტავუშის რეგიონში შედის. ეს სოფლებია: ბაღანის აირუმი, ნერკინ ვოსკეფარი (აღაშ), ხეირიმლი და ყიზილ ჰაჯილი.

18 მარტს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის სოფელ ვოსკეპარში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ სასაზღვრო ზონაში მოთხოვნილი ოთხი არაანკლავური სოფელი აზერბაიჯანს გადაეცემა, რათა „ომი არ დაუშვას“.