FB-ჯგუფი „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია - ჯგუფის დამფუძნებელი

პუბლიკა

სოციალური პლატფორმა „მედგიდის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, რომ ჯგუფი „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია. Facebook-ჯგუფში, რომელშიც 103 ათასი ადამიანი იყო გაწევრებული, კორონავირუსისა და სხვა დაავადებების შესახებ შეკითხვებს პროფესიონალი ექიმები უსასყიდლოდ პასუხობდნენ.

„ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია. ჯგუფი აერთიანებდა 103 000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი – მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი „მედგიდი“ რჩებოდათ, რომელიც ფაქტობრივად დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ „მედგიდის“ დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.
ფაქტობრივად, 1 წელია „მედგიდი“ 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო – დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე“, – წერს სოფო ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ყველა გზას ცდის „მედგიდის“ აღსადგენად.