FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით $193,465 დაიხარჯა. ამ დროისთვის, ჯამში, ბიბლიოთეკაში 4,607 რეკლამაა აღრიცხული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არადეკლარირებული რეკლამების ნაწილი „ფეისბუქის“ მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.

საქართველოში „ფეისბუქზე“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდგომ პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • პოლიტიკური პარტიების, ლიდერებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმრავლესობას დეკლარირებული აქვს პოლიტიკური რეკლამები.
  • სავალდებულო ატრიბუტები, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით, მითითებულია თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტის დეკლარირებულ რეკლამაზე.
  • მიუხედავად ავტორიზაციის გავლისა, ცალკეული საარჩევნო სუბიექტები, ზოგიერთ შემთხვევაში, არ ახდენენ რეკლამების დეკლარირებას ან დაგვიანებით დააკმაყოფილეს დეკლარირების მოთხოვნა.
  • პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ ანონიმურ და ცრუ მედიის გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირების გარეშე კვლავაც ქვეყნდება. მათი უმეტესობა პოსტებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ასპონსორებს. ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები ასევე დეკლარირების გარეშე ქვეყნდება.
  • საარჩევნო სუბიექტების ნაწილი „ფეისბუქზე“ რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდების გვერდზე ათავსებს რეკლამას, რომელთაც სხვადასხვა სახელწოდების ე.წ „დისქლეიმერი“ აქვთ, რაც ხარჯების იდენტიფიცირებას ართულებს.
  • ცალკეული პარტიები პოლიტიკურ რეკლამას მხოლოდ მამრობითი სქესის „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის აქვეყნებენ.

ყველაზე დიდი თანხა „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ რეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა – ჯამში 47,800 აშშ დოლარამდე 289 რეკლამისთვის.

ანგარიშის მიხედვით,

  • $30,782 დახარჯა ევროპულმა საქართველომ, საიდანაც დაახლოებით 52% პარტიის „ფეისბუქ“ გვერდის რეკლამებზე მოდის, ხოლო დანარჩენი პარტიის ლიდერების ოფიციალურ გვერდებზე. მსგავსად ნაწილდება ლელოს მიერ დახარჯული 21,747 აშშ დოლარზე მეტი.
  • ბიბლიოთეკაში „პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ გვერდის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ განთავსებული სულ 9 რეკლამაა, რაზეც 1,910 აშშ დოლარია დახარჯული. ასევე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდასაჭერად მედიის სახელით მოქმედ „დღეს პოლიტიკაში – Tinp.ge“ -ს 11 რეკლამისთვის ჯამში $2,753 აშშ დოლარი აქვს დახარჯული. აქედან $1,000-$1,500 დაიხარჯა IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ბრიფინგის დასარეკლამებლად.
  • „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჯამში $20,421-ზე მეტი დაიხარჯა. აქედან, გიორგი გახარია გვერდის მიერ ჯამში $4,401 დაიხარჯა. ამ გვერდზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში თანხის გადამხდელად მითითებულია საქართველოს მთავრობის ვებ-საიტი gov.ge და მთავრობის კანცელარიის მისამართი. ხოლო კახა კალაძის რეკლამების ($1,874) დეკლარაციაში მითითებულია ვებ-საიტი kaladze.ge და თბილისის მერიის მისამართი. პარტიის, მისი ლიდერების და კანდიდატების გვერდების გარდა, ოცნების მხარდამჭერ გვერდებს (Irakli Garibashvili 4 Georgia, 41 ჩემი არჩევანია, საინფორმაციო ბლოგი – Informative Blog, ჯარი) ჯამში 10 რეკლამა აქვთ განთავსებული და თითოეულ გვერდს 100 დოლარზე ნაკლები აქვს დახარჯული.

საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. „ფეისბუქის“ წესების თანახმად, პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებს, რომლებიც არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, სავალდებულოა ჰქონდეთ შესაბამისი დეკლარაცია, ხოლო ამგვარი რეკლამის განმათავსებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია. პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი ვინაობა და დაურთოს შენიშვნა გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (“Paid for by” disclaimer).