„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „უსამშობლოები“ უწოდა ადამიანებს, რომლებსაც Facebook-ზე ე.წ. ჩარჩოდ მხოლოდ ევროკავშირისა და უკრაინის დროშები აქვთ დაყენებული.
კობახიძის კომენტარი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, წლევანდელი 26 მაისის პარლამენტის საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის სიმბოლიკის ამოღებაზე მოქალაქეთა რეაქციის შესახებ.
„არიან ადამიანები, საკმაოდ მრავლად ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად ესენი არიან „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც, მაგალითად, უყენიათ ფეისბუქზე ე.წ. ჩარჩო, სადაც არის გამოსახული მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი”, – თქვა კობახიძემ.
კობახიძემ მორიგი „ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია“ უწოდა მოქალაქეების კრიტიკას საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის დროშების ამოღების გამო.
„26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, რომლის ერთადერთი ასე ვთქვათ სუბიექტი, არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა, შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 24 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ შარშან პარლამენტის ფასადი ევროკავშირის დროშის ფერებშიც იყო გაფორმებული, წელს კი მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკაა. მოქალაქეთა ნაწილმა ეს ხელისუფლების მხრიდან დასავლეთისგან დისტანცირების ერთ-ერთ ნიმუშად აღიქვა.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.
„არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წელს პარლამენტის საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის სიმბოლიკის ამოღების შესახებ მოქალაქეთა კომენტარებს.