„ფედერალისტები" — თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია წარადგინეს

პუბლიკა

თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია წარადგინეს. პარტიას „ფედერალისტები” ქვია. მათ წარადგინეს ლოგოც.

რა ფორმით მიიღებენ „ფედერალისტები” მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში — პარტია განცხადებას სექტემბერში გააკეთებს. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.

„ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცით, რამ იმუშავა იქ, რამაც თქვენი ყურადღება ჩვენკენ მოაპყრო და ზუსტად ვიცით, ეს ყურადღება როგორ გავზარდოთ და გავაფართოოთ. […] ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ და სწორედ ამიტომ, ფედერალიზმი. ფედერალიზმი არ არის სახელმწიფო მოწყობა, ეს არის სისტემა, რომელიც ძალის ისეთ გაწონასწორებას წარმოქმნის, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება”. – თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე.

მანვე დააანონსა აქციაც 27 სექტემბერს.

„საჭიროა ისეთი მორალური უპირატესობის მოპოვება ქუჩაში, როგორიც გვქონდა აპრილსა და მაისში. ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, პოლიტიკოსები არ გეგმავენ ასეთ აქციებს, ასეთი აქციები თავისით ეწყობა, როგორც წესი, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქუჩას თუ აქვს რესურსი ერთგვარი აფეთქების, ეს მოხდეს.

სწორედ ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას. მთელი ეს პერიოდი 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველო” პარტიის სხვა წევრებთან ერთად 1 აგვისტოს დატოვეს.