ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ლევან კობიაშვილი მონაწილეობს

პუბლიკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წამოაყენა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.

მათივე ცნობით, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, დღეს, 16 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.