„ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ – ამ სახელწოდებითა და ომბუდსმენისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც საზოგადოებას ფემიციდის მონიტორინგის შედეგები გააცნეს.
კვლევის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით გააანალიზა 2014-2018 წლებში მომხდარი ფემიციდისს და ფემიციდის მცდელობის 84 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგანაც 39 შემთხვევა მოხდა 2014-2015 წელს, 11 – 2016 წელს, 17 – 2017 წელს და 17 – 2018 წელს. [სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგი 2016 წლიდან დაიწყო].
2019 წლის 10 თვის მონაცემებით (იანვარი-ოქტომბერი) სულ 16 ქალის მკვლელობის ფაქტი აღიწერა (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი (აქედან 1 ქმრის მიერ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა), 7 შემთხვევაში სხვა მოტივი. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 16 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი აღიწერა, საიდანაც ოჯახური ნიშანი გამოიკვეთა 12 შემთხვევაში, სხვა მოტივი – 4 შემთხვევაში.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 3 თვითმკვლელობამდე მიყვანა), საიდანაც 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული (აქედან 2 თვითმკვლელობამდე მიყვანა), ხოლო 71 შემთხვევაში სხვა მოტივი (აქედან 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა).
ასევე, ამავე წლებში 69 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი იყო ოჯახური ნიშნით დანაშაულის ჩადენა (აქედან 5 თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა), ხოლო 23 საქმეში გამოიკვეთა სხვა მოტივი.
სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის არარსებობის გამო, უწყებების მიერ ქალთა მკვლელობებთან დაკავშირებული სტატისტიკა ხშირად ეწინააღმდეგება ან არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო პროკურატურისა და სასამართლოს მონაცემების ერთმანეთთან შედარება.
„მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც გამოიკვეთა საქმეთა ანალიზის შედეგად, იყო გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოკვეთა და მსჯელობა მოტივზე – ეს იყო როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო განხილვისას არსებული პრობლემა. ბოლო წლებში შედარებით გაიზარდა იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც გენდერულ მოტივზე იმსჯელა სასამართლომ, თუმცა იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც აშკარად იკვეთებოდა გენდერული მოტივი, თუმცა ამაზე სათანადო ყურადღება არ გამახვილებულა“, – ამბობს ეკატერინე სხილაძე.
ომბუდსმენის მოადგილე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ შემთხვევებზეც, როდესაც სამართალდამცავი უწყება ინფორმირებული იყო ოჯახში ძალადობის შესახებ, თუმცა დანაშაულოს პრევენცია ვერ მოახერხა.
„ბოლო წლებში ასეთი შემთხვევები შემცირებულია, თუმცა 2014-2015 წლებში, ასევე 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საკამოდ მაღალია მსგავსი შემთხვევების რაოდენობა“, – ამბობს ეკატერინე სხილაძე.