ფემიციდთან დაკავშირებით „ქალთა მოძრაობა“ და „საფარი“ სახელმწიფოს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს

პუბლიკა

დღეს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში  ფემიციდთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობისა და „საფარის“ ერთობლივი პრესკონფერანცია გაიმართა.

როგორც კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ფემიციდთან დაკავშირებით უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას, რადგან რამდენიმე მიმართულებით არსებობს სერიოზული ჩავარდნა, რომელიც საჭიროებს გამოსწორებას.

„პირველ რიგში ვიტყვით, რომ ქვეყანაში არ არსებობს პრევენციის მექანიზმი, ანუ სახელმწიფო არ ერევა ადრეულ კონფლიქტში, იმისთვის, რომ აიცილოს უფრო მძიმე დანაშაული. არ აქვთ შემუშავებული ამასთან დაკავშირებით სტრატეგია და ხედვა. რეაგირება ყოველთვის არის დანაშაულის განხორციელების შემდეგ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას პრევენციის მექანიზმი. მეორე ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ფემიციდის განმარტება ჩაიდოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კანონში. ასევე, გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ემიგრანტ ქალებზე“, – განაცხადა მან.

ემიგრანტ ქალებზე ისაუბრა ქალთა მოძრაობის წევრმა, იდა ბახტურიძემ. მისი თქმით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქალის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ემიგრანტი ქალების უფლებების დასაცავად.

„სახელმწიფოს ქალი უცხო სახელმწიფოში, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული, სადაც ეს ქალები ხშირად არიან ყოველგვარი უფლებების გარეშე; სადაც არც საელჩოები და არც მიმღები ქვეყნები მათი უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებენ.

ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, შეისწავლოს სახელმწიფომ ის საჭიროებები, რომლებიც აქვთ ემიგრანტ ქალებს და დაიწყოს ამ საჭიროების მიხედვით ამ ქალების მხარდასაჭერი, დახმარებისა და რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება“, – განაცხადა იდა ბახტურიძემ.

ქალთა მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, მორეტა ბობოხიძემ მოძალადეების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოძრაობის კიდევ ერთი მოთხოვნა სწორედ ეს არის.

მისი თქმით, პრევენციის ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, როდესაც მოძალადეები ხვდებიან სასჯელაღსრულების სისტემაში, იქ მნიშვნელოვანია იყოს ქცევის კორექციისა და რეაბილიტაციის პროგრამა. როგორც ის ამბობს, ძალადობაგამოვლილი ქალი არ უნდა ფიქრობდეს, რა ელოდება მას შემდეგ, რაც მოძალადე სასჯელის ვადას მოიხდის.


24 მაისს პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის დახმარებას ითხოვდა და ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. საქართველოში ის „საფარის“ იურისტ თამარ ლუკავას დაუკავშირდა. უფლებადამცველების ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის სამართალდამცველებმა ქმარი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.


21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მოძრავ ავტობუსში, კაცმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.