ფერმერები იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ.

„კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება“, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.