ფეტულა გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა 

პუბლიკა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეტულა გიულენი, თურქი ლიდერი, რომელიც თავს აშშ-ს აფარებდა.

თურქეთის პრეზიდენტი, რეფეჯ თაიფ ერდოღანი, მას დევნიდა და სხვა ბრალდებებთან ერთად, 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. გიულენი ბრალდებას უარყოფდა.

ერდოღანის ხელისუფლება გიულენს ტერორისტად მიიჩნევს.

ვებსაიტზე Herkul, სადაც გიულენის ქადაგებები ქვეყნდებოდა, ნათქვამია, რომ ის კვირას, 20 ოქტომბერს, აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფეტულა გიულენი ოდესღაც ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა, მათი გზები გაიყო.

გიულენმა თურქეთი 1999 წელს დატოვა.

მომხრეების თქმით, ფეტულა გიულენის მოძრაობა, სახელად Hizmet, რაც თურქულად მსახურებას ნიშნავს, მიზნად ისახავს ისლამის ზომიერად გავრცელებას და დასავლური სტილის განათლების, თავისუფალი ბაზრისა და რელიგიებს შორის კონკურენციის ხელშეწყობას.


საქართველოში 2017 წლის მაისში დააკავეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი – დემირელის სკოლის მენეჯერი. მისი გადაცემა თურქეთმა მოითხოვა, ვინაიდან ჩაბუქი გულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრად მიიჩნია. თუმცა, ჩაბუქი უარყოფდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას. ემრე ჩაბუქი სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან 2018 წელს გაათავისუფლა.

დემირელის სკოლა 2017 წელს დაიხურა – მას საქართველოს განათლების სამინისტროს ავტორიზაცია შეუჩერდა. იმავე წელს იმავე საბაბით დაიხურა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმი ბათუმში, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იიცნობდა.