„არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია“, – ასე მიმართავს მწერალი, ივა ფეზუაშვილი მოქალაქეებს სოციალურ ქსელში და გუშინ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი აქციის ძალისმიერად დარბევას ეხმაურება.
„სანამ საკუთარი მოქალაქეების დასაგლეჯად და მიწასთან გასასწორებლად ცერბერებს დაგეშავენ, იქამდე ასეთ ტექსტს გვასმენინებენ – „გთხოვთ, მოარიდოთ წესრიგის დაცვის ადგილს: ქალები, ბავშვები და მოხუცები”. ამ მზრუნველობამ არ მოგატყუოთ.
ამათმა უკვე დაგლიჯეს და მიწასთან გაასწორეს ქალები, როდესაც ქალებზე დადასტურებულად მოძალადეებს სამთავრობო კონცერტებზე ამღერებენ, ქალის შევიწროებაში ბრალდებულს პროპაგანდისტული ტელევიზია ჩააბარეს, კვოტირება გააუქმეს.
ესენი არც ბავშვებს ინდობენ.
ამ ქვეყნის მოსწავლეების 35% სკოლაში ყოველთვის მშიერია. ყოველი მეხუთე ბავშვის მინიმალური საარსებო მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია. ეს მ ო ნ ე ბ ი კი ცოცხალი თავით არ იწყებენ სკოლაში უფასო კვების პროგრამას!
რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არ დაუვალებია!
ამათმა მოხუცებსაც გადაუარეს!
მიწასთან გაასწორეს, საპენსიო სესხებით და ოვერდრაფტებით, ფარმაცევტული მაფიით, სამარცხვინო პენსიით და სასიცოცხლო პროდუქტებზე ფასების მუდმივი მატებით.
ასე რომ არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები”, – წერს ის.
გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელები მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია აქციის არაერთი მონაწილე და მედიის წარმომადგენელი.