ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ - მელია

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ისინი ხვალ გაემართებიან ზუგდიდში, შემდეგ ქუთაისში და მოსახლეობასთან შეხვედრებს გააგრძელებენ. მისი თქმით, მალე შეიკრიბებიან რუსთაველზე, დიდ საპროტესტო აქციაზე.

„ხვალ მივემართებით ზუგდიდში, ზეგ ქუთაისში, პარალელურად რუსთავის ციხესთან დაიწყო და არ დასრულდება აქციები და მალე შევიკრიბებით ყველა იქ, სადაც წყდება ამ ქვეყნის ისტორიული საკითხები – რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავიბრუნოთ ლოკალურად წართმეული არჩევნები.

ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ! იმიტომ, რომ მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი და არ შევირცხვენ თავს, მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო. მაგრამ მერწმუნეთ, ხალხო, ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც აქვთ თავისუფლება შეზღუდული, იქიდან გავათავისუფლებთ“,- განაცხადა მელიამ.“, – განაცხადა მან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, კოლიციური ერთობა გაფართოვდება და მომავალში ქვეყანას უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა.

„შეკითხვა, რომელიც ისმის – კოალიციური ერთობა გრძელდება? დიახაც, კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება, რადგან ის არ იყო ჩვენი წინასაარჩევნო სვლა და გეგმა. ჩემი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წარსულს და სვლა ევროპული ოჯახისკენ განაგრძოს. ასე ფიქრობს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარდა“, – განაცხადა მელიამ.

ბათუმში მიმდინარე აქციის პარალელურად სააკაშვილის მხარდამჭერი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთაც.