მოვაწესრიგებთ ფილარმონიის წინ მიმდებარე ტერიტორიას - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერია ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას გეგმავს.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია. გადავწყვიტეთ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის წინ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია“, – თქვა მან.

კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ის ნოემბერში მთლიანად დასრულდება.

კალაძის განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური დაიწყებს ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას.

„ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ დაზიანებულია ქვის ფილები, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკრებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა და ფეხით მოსიარულეები მუდმივად გადაადგილდებიან. გადახურულ სივრცეში წვიმიან ამინდშიც ჩვეულებრივად წვიმს, რაც დიდი პრობლემაა. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო სარდაფები წყლით იტბორება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ეკოსერვის ჯგუფს დავალება მისცა, ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ფილარმონიის მიმდებარედ არსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის, რომელიც მერის თქმით, ასევე ცუდ მდგომარეობაშია.