HBO max-მა ფილმების ჩამონათვალიდან „ქარწაღებულნი“ დროებით ამოიღო და ფილმს პლატფორმაზე ისტორიულ კონტექსტზე დისკუსიითა და რასისტული გამოსახულებების მხილებით დააბრუნებენ.
„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ კომპანიამ 1939 წელს გადაღებული ფილმის დროებით ამოღების გადაწყვეტილება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღის გამო მიიღო.
„„ქარწაღებულნი“ იმ დროის პროდუქტია და წარმოაჩენს ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ამერიკულ საზოგადოებაშია გავრცელებული. ეს რასისტული გამოსახულებები არასწორი იყო მაშინ და არასწორი არის ახლაც და ვფიქრობთ, რომ ამ ფილმის შენარჩუნება, განმარტებისა და ამ გამოსახულებების მხილების გარეშე, უპასუხისმგებლო იქნება“, – აღნიშნა HBO max-ის წარმომადგენელმა.
HBO max-ის წარმომადგენლის განცხადებით, ფილმი სარჩევში უცვლელი სახით დაბრუნდება, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ისტორიის გადაკეთება იქნებოდა.
HBO max-ის წარმომადგენლის თქმით, ფილმს სტრიმინგ სერვისზე საბოლოოდ დაბრუნებისას თან დაერთვის დისკუსია ისტორიულ კონტექსტზე და რასისტული გამოსახულებების გმობა, თუმცა ფილმში არაფერი არ შეიცვლება, რადგან კომპანიას არ სურს, ამტკიცოს, რომ ამ სტერეოტიპებს არასდროს უარსებია. HBO max-ის წარმომადგენლის თქმით, თუ გვსურს სამართლიანი მომავლის შექმნა, პირველ რიგში უნდა გავეცნოთ და შევისწავლოთ ჩვენი ისტორია.
ფილმის სარჩევიდან ამოღებას წინ უძღოდა „მონობის 12 წლის“ სცენარისტის, ჯონ რიდლის „ლოს ანჟელეს თაიმსში“ გამოქვეყნებული ოპედი, რომელშიც ის ხსნიდა, რატომ შეიცავს „ქარწაღებულნი“ რასობრივ სტერეოტიპებს.