საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებსა და მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მთავრობას მისცა საშუალება სხვადასხვა შეღავათები დააწესოს ბიზნესისთვის.
„პირველი დახმარება, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ამ შეღავათის არსი მდგომარეობს, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ, ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
აქ ნავარაუდებია 42 000-ზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 000 პირი. წინა შემთხვევაში ეს იყო დაახლოებით 425 000-მდე ადამიანი. სავარაუდო თანხა გამოყოფილია 270 მილიონი.
მეორე შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებების შედეგად შეგვიძლია, რომ გავუკეთოთ ბიზნესს არის, რომ 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ეს არის ე.წ საკასო მეთოდი, როდესაც ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა, “- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ასევე იქნება შეღავათი ქონების გადასახადზე ტურუსტულ სექტორში. მისი თქმით, ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.
„შემდეგი დახმარებაა, რომ 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაწეროთ ეს. აქაც ოდენობა დაახლოებით 20 მილიონი ლარია. თავის დროზე, 1000 კომპანიამდე ისარგებლა თავის დროზე ამ გადავადებით, “- განაცხადა მან.