ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „TV პირველს“ ინკასო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ავრცელებს.
„მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ; ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი, მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს. გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის“ , – წერს ვატო წერეთელი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით, ინკასო დაედო „მთავარ არხსაც“. .
„მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“, – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.
ინკასო არის იძულებითი სააღსრულებო წარმოება. მოვალის ქონების მოძიების მიზნით, აღმასრულებელი საბანკო დაწესებულებას მიმართავს და იღებს მათგან ინფორმაციას მოვალის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხების შესახებ. ამავე მიმართვით ხდება მოვალის ყველა ანგარიშის დაყადაღება.
მანამდე, დეკემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიებს, „რუსთავი 2-ს“, „TV პირველსა“ და „კავკასიას“, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება დაუგროვდათ, ინკასო დაადო.
იანვარში ვატო წერეთლმა განაცხადა რომ ვალი გადაიხადა და ტელეკომპანიას მოხსნილი აქვს ინკასო.
„ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით“, – განაცხადა წერეთელმა 22 იანვარს.
„პუბლიკა“ ცდილობს, დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურს.