ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების თანახმად, ამ დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.

უწყება მიუთითებს, რომ გამოძიების პროცესში თბილისში განთავსებული ქოლცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.