„ქართული ოცნების“ პარლამენტი ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის წესს ცვლის.
როგორია დღეს მოქმედი ნორმა
2025 წლის 3 სექტემბერს „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც დაინერგა ზიანის ანაზღაურების გამარტივებული მექანიზმი და კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებად განისაზღვრა როგორც ყადაღა, ასევე მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა.
სექტემბერში მიღებული კანონის მიხედვით, მსჯავრდებულს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად იქნება შემდეგი საფუძვლები: ის დამნაშავედაა ცნობილი ფინანსურ დანაშაულში, თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან სტატუსი აქვს და თუ დაზარალებული უარს არ აცხადებს მისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაზე. ასევე კანონში განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება 16 წლით.
რას ცვლის „ოცნება“
შემოთავაზებულ ცვლილებებში მსჯავრდებულის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა 16 წლით აღარ განისაზღვრება.
აკრძალვის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაიხდის თუ არა მსჯავრდებული კომპენსაციას და დაზარალებული განაცხადებს თუ არა უარს კომპენსაციის მიღებაზე.
კონკრეტულად:
მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად იარსებებს შემდეგი საფუძვლები:
– ცნობილია დამნაშავედ შემდეგ ფინანსურ დანაშაულებში:
- თაღლითობა – დიდი ოდენობით
- გამოძალვა – დიდი ოდენობით
- მითვისება ან გაფლანგვა – დიდი ოდენობით
- ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით
- ნივთის დაზიანება ან განადგურება, თუ ზარალი აღემატება 10 000 ლარს
- ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით თუ ზარალი აღემატება 10 000 ლარს
- ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით – დიდი ოდენობით
- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
- გულგრილობა
- კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით – რამაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია
– თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან სტატუსის მქონე პირია
– თუ დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მსჯავრდებულისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაზე
შემოთავაზებული ცვლილებით, მსჯვარდებულს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა გაუუქმდება, თუ გადაიხდის კომპენსაციას ან დაზარალებული წერილობით განაცხადებს უარს კომპენსაციის მიღებაზე.
„თუ ეს პირობები არსებობს, შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, მსჯავრდებულს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით.
ქვეყნიდან გასვლის აღსრულების უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიურო აცნობებს შსს-ს და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონულ ზედამხედველობას.
საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმების საფუძველი იქნება არა კონკრეტული ვადა, რომლის გასვლასაც უკავშირდება დღეს არსებული ნორმა (16 წელი), არამედ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმისა, რომ მსჯავრდებულმა ზიანი აანაზღაურა ან მეორე – როდესაც დაზარალებული უარს განაცხადებს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე, – თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თორნიკე ჭეიშვილმა.
„ოცნება“ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და სამივე მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.