საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტში ჩანაწერი, რომელიც საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერებას ითვალისწინებს, სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი.
„აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპრექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და 132 025 000 მილიონ დოლარს აღწევს. კანონპრექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ ხახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.
აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამასთან ერთად კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს. პროექტის მიხედვით, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი, აშშ-ის დახმარებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი იმ ქვეყნის მთავრობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დაუჭერს მხარს.
„კანონი საქართველოსთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
კანონონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს მხარი დაუჭირა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ პროექტს, რომელშიც შეტანილია პუნქტი, რომ საქართველომ შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს , სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეატყობინებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.
პროექტს მხარი 224-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 189 კი წინააღმდეგი იყო. 17-მა კონგრესმენს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 224-ივე მხარდამჭერი კონგრესმენი „დემოკრატია“, ხოლო 189 მოწინააღმდეგეს შორის – 186 „რესპუბლიკელია“, 2 „დემოკრატი“ და 1 დამოუკიდებელი. წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება.