ფინეთის პარლამენტში ნატოში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავენ

პუბლიკა

ფინეთის პარლამენტში ნატოში გაწევრების მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციას განიხილავენ. როგორც France 24 იუწყება, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გამოკითხვამ ნატოში გაწევრების თანხმობაზე ისტორიულად მაღალი შედეგი აჩვენა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი აცხადებს, რომ პარლამენტში დაგეგმილი დებატები მხოლოდ უკრაინაში არსებულ ვითარებას უნდა შეხებოდა და დაგეგმილი არ ყოფილა ფინეთის ნატოში გაწევრებაზე ფართო განხილვა. მისივე თქმით, მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციას საჭირო 50 ათასი ხელმოწერა აქვს, ისინი მოითხოვენ პარლამენტმა განიხილოს ნატოში შესვლაზე რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი.

გარდა პეტიციისა, ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრებას უჭერს მხარს. იანვრის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25%-ით არის გაზრდილი.

ფინეთს 1 340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან. მისი მეზობელი შვედეთი ფინეთის მსგავსად არ არის ნატოს წევრი.  ორივე ქვეყანამ მიიღო გარანტიები, რომ ნატოს კარი მათთვის ღია რჩება.