ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეშფოთებული ვართ ეუთო/ოდირის ცნობებზე - არაერთი დარღვევა, ზეწოლა

პუბლიკა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი შეშფოთებას გამოხატავს ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასებებით და აღნიშნავს, რომ დემოკრატიები დაფუძნებულია თავისუფალ არჩევნებზე.

„დემოკრატიები დაფუძნებულია თავისუფალ არჩევნებზე. შეშფოთებული ვართ ეუთო/ოდირის ცნობებზე საქართველოში კენჭისყრის შესახებ. არაერთი დარღვევა, ზეწოლა ამომრჩეველზე და უთანასწორო საასპარეზო პირობები. არჩევნებთან დაკავშირებით გაურკვევლობები ძირს უთხრის ქართველი ხალხის უფლებებს”, – წერს ის.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წინასწარი შეფასებები გააკეთეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ „როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა”.

ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.

როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.