„ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა გადაიხედოს სამომხმარებლო კალათის ზღვრული ნორმა?“ - ბერაძე პარლამენტში

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, მინისტრობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკითხვებს ისმენენ.

დეპუტატი რიმა ბერაძე დაინტერესდა, ლარის კურსის ინფლაციის და ფასების ზრდის პირობებში ხომ არ აპირებს მთავრობა სამომხმარებლო კალათის დღეს დადგენილი ნორმის გადახედვას, რომელიც 190 ლარს შეადგენს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დადგენილია სამომხმარებლო კალათა, რომლის ღირებულება შეადგენს 190 ლარს და რომელიც 320 აუცილებელ პროდუქტს გულისხმობს;

როცა არის ლარის კურსის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, როცა ეროვნული ბანკი 2021 წელს აანონსებს 3%-იან ინფლაციას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იზრდება ფასები და შესაბამისად ამას ფასების ზრდასთან დაკავშირებით მძიმეა მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა გადაიხედოს სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული დადგენილი ზღვრული ნორმა?“, – იკითხა რიმა ბერაძემ.

რიმა ბერაძის ამ შეკითხვას პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უპასუხა:

„ქალბატონო რიმა, ცოტა აგერიათ სამომხმარებლო კალათა და სამომხმარებლო მინიმუმი.

სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ასეთი, ეკონომიკური პარამეტრი აღარ არსებობს, არ გამოიყენება არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით და სამომხმარებლო მინიმუმი დასავიწყებელია.

სამომხმარებლო კალათა ცოტა სხვა თემაა, სამომხმარებლო კალათა არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქსტატი ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს. ის რომ ლარის კურსს პირდაპირი სოციალური მნიშვნელობა აქვს, ეს კარგად გვესმის, მაგრამ სამომხმარებლო მინიმუმთან ამას კავშირი არ აქვს.

როგორც კი ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით უფასურდება, ამის სოციალური ეფექტი აშკარაა უკვე, ყველა გრძნობს, ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისია და საქართველო ამ კრიზისს მარტო ვერ გაუმკლავდება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ და მოსახლეობას მიზნობრივად დავეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.