„ფიქსირდება ამომრჩევლისთვის თანხისა და სავარაუდოდ, ტალონების გადაცემა" - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) კენჭისყრის მიმდინარეობას შესახებ 15 საათზე მორიგი ბრიფინგი გამართა.

ორგანიზაციის განცხადებით, დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში. რამდენიმე შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება. მათ შორის, ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაციის ორი სხვადასხვა დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან. ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეციალურ სიებში ამომრჩევლები უსაფუძვლოდ არიან დაფიქსირებული. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩენილი აქვთ ამომრჩეველთა ხელმოწერები. მიმდინარეობდა უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვაც.

გთავაზოვთ ორგანიზაციის მიერ დაფისქირებულ შესაძლო დარღვევების ნაწილს:

„# 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბანთან დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე;

● # 83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. დამკვირვებლის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, გადაეცა ტალონი;

#81 ქობულეთის #64 საარჩევნო უბანთან იმყოფება ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი, რომელიც ამომრჩევლებს, სავარაუდოდ, ტალონებს გადასცემს;

● #2 ვაკის, #75 უბანთან (100 მეტრის მოშორებით) მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს გადასცემენ თანხას;

● # 6 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 უბანთან დილის 10 საათიდან შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება;

#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენების კონვერტში მოთავსებამდე ისინი გაშლილი სახით აჩვენა ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელმაც დაინახა თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, რის შემდეგაც მას ხელი ჩამოართვა;

● #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ამოწმებს თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ამგვარი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს;

● #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენი გახსნილ მდგომარეობაში აჩვენა „ახალგაზრდული ინიციატივა – დემოკრატიისთვის“ დამკვირვებელს.

#3 საბურთალოს ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიაში არსებობს ამომრჩეველთა სპეციალური სიის ორი ვერსია, რაც ეწინააღდეგება საარჩევნო კოდექსის.

● ჩოხატაურის #14 სარჩევნო უბანზე სარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი ხშირად უგულვებელყოფს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას და საარჩევნო უბნის ეზოში ხმის მიცემამდე ინტენსიურად ხვდება ამომრჩევლებს;

● #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გარეთ, მერის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ერთერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამკერდე ნიშანი, საარჩევნო უბანზე შესვლისას ხვდება და ესაუბრება საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩევლებს;

● #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარე ფასადზე გამოკრულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა. კერძოდ, მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი. სააგიტაციო მასალა განთავსებულია 25 მეტრიანი დისტანციის დარღვევით.

● #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნები“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი აღრიცხვას ამომრჩევლებს.

● #66 ხობის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი იმგვარად ხევდა ბიულეტენებს, რომ აღარ ჩანდა უბნის და ოლქის შესახებ სათანადო რეკვიზიტები. ასეთი ათამდე ფაქტი დაფიქსირდა;

#8 დიდუბის სარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრი იმგვარად ხევს საარჩევნო ბიულეტენებს, არ აქვს არც ოლქის და არც უბნის ნომერი, ფაქტობრივად გადასცემს დაზიანებულ ბიულეტენებს, რაც ხმის დათვლის დროს შესაძლოა გახდეს ხმების ბათილობის საფუძველი”, – აცხადებს ISFED.