საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი წერს, რომ ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ მდგომარეობაში კი „გამორიცხულია საქართველოსთვის ეს მოხდეს“.
„პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით.
დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის.
არსებულ მდგომარეობაში, გამორიცხულია საქართველოსთვის ეს მოხდეს“, – წერს X-ზე ფიშერი და ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის კურსზე და აღნიშნულია, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
30 ოქტომბერს ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების პაკეტი წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ შეძლებს მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციის გაცემის განხილვას.