3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წევრები არ მიუწვევიათ. ამის შესახებ ღონისძიებაზე ისაუბრა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა და განმარტა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის „ქართველებისა და ქართველებისთვის“, გერმანია მასში არ ერევა.
„გასულ წელს აქ მე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი – მან შეაქო ევროკავშირსა და გერმანიასთან პარტნიორობის ღირებულებები და ხარისხი. მე დავეთანხმე, თუმცა ასევე გავაფრთხილე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის ისტორიული შანსის გამოტოვების რისკზე. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ყველა ჩემ ევროპელ კოლეგასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიდექი თავისუფლების მოედნის სცენაზე უამრავი ხალხის წინაშე – და ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიყავით.
როგორ შეიცვალა დრო. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი საქართველოს მთავრობის კურსის გამო შეჩერდა. ამ კურსით საქართველო EU-ში ვერ გაწევრდება. წელს თქვენ შეამჩნევდით, რომ ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის არცერთი წევრი, საქართველოს პარლამენტის არცერთი წევრი და საქართველოს პოლიტიკური პარტიის არცერთი ლიდერი. რატომ? იმიტომ, რომ გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველებისა და ქართველებისთვის. ჩვენ მასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს.
ქართველებზე საუბრის დროს მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორი მმართველობა გინდათ და ქვეყნების რომელ ჯგუფს გინდათ რომ მიეკუთვნოდეთ. ეს თქვენზეა დამოკიდებული, არა ჩვენზე”, – აღნიშნა ელჩმა.
ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქვეყანა დგას ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობისა და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის რისკის წინაშე.
„თქვენ გადაწყვიტეთ. პირად შეხედულებასაც დავამატებ: არ იფიქროთ, რომ თუ ჩვენ დაგვშორდებით, ჩვენ დაგედევნებით და შეგევედრებით უკან დაბრუნებას. ჩემი აღქმით, პოლიტიკური ტრენდები სხვა მიმართულებით მიდის. უფრო მეტ ადამიანს აქვს ვიწრო და ეგოისტური ხედვა. ისინი ფიქრობენ: „ჯერ ჩვენ“, ან „მხოლოდ ჩვენ“. მათ არ ადარდებთ საერთაშორისო თანამშრომლობა, არ ადარდებთ ევროკავშირის გაფართოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირში ჩვენ საკმარისი პრობლემები გვაქვს და დამატებით არ გვჭირდება“, – აღნიშნა ელჩმა.