ფიშერი: „ჰაიდელბერგ ცემენტი” გავიდა ქართული ბაზრიდან, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია

პუბლიკა

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ რუბრიკაში ისაუბრა – მის კომენტარს BMG ავრცელებს.

„უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტია”, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა, რომელიც არ გაგრძელდება.

„ვწუხვარ, რომ ცოტა ნეგატიურად ვსაუბრობ, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“.

ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას.

ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფოს ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება.

თქვენი საკუთარი სახელმწიფო ობლიგაციების რისკის პრემია საორიენტაციო ობლიგაციებზე, როგორიცაა ევროკავშირის ან აშშ-ს ობლიგაციები, გაიზრდება, გაიზარდა და გააგრძელებს ზრდას”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების ემიგრაცია.

„უკვე 2018 ან 2019 წლიდან, იმდენმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო და სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა. ეს ახალგაზრდები თქვენი ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ.

ახლაც მესმის ბევრი ახალგაზრდისგან, რომ თუ გადაწყდება, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება და დარჩება მხოლოდ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში და აღარ გაჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ისიც დატოვებს აქაურობას. ბევრი ახალგაზრდისგან მესმის ეს”, – განაცხადა ფიშერმა.

ამასთან, ფიშერმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროცესი შეჩერებულია.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ივნისში და შემდეგ ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია, აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არაფერია შეჩერებული, თუმცა ჩვენ ვწყვეტთ რა არის შეჩერებული და რა არა, ამას კანდიდატი არ წყვეტს, ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ.

საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება, საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია, საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს, გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, უმეტესობას, რა თქმა უნდა , ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ მათ ევროპაში არ სურთ. საქართველო ტენდენციას სცდება, ასე რომ, არის კრიზისი და ვფიქრობ , რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა”, – აღნიშნა ფიშერმა.